რა მიზნით სტუმრობს პერიოდულად საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე ძებნილი რუსი ჯაშუში

2018-11-24 17:08:23
1203

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს ჯაშუში ვლადიმირ მოისეევი, რომელც 2008 წლის აგვისტოს ომში, ასევე რიგი პოსტსაბჭოთა და სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობებში მონაწილეობაშია მხილებული, ბოლო წლებში საქართველოს არაერთგზის სტუმრობდა, - ასეთია Bellingcat”-სა და “Insider”-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგები.

ყველაფერი ბოლოდან დაიწყო

მოისეევის მხილების ისტორია ბოლოდან – მონტენეგროს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან დაიწყო.

2016 წელს, არჩევნებამდე სამართალდამცველებმა მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს. მოგვიანებით დასავლური მედია წერდა, რომ ამ მცდელობის უკან მოსკოვი იდგა, კერძოდ, ორი რუსი ჯაშუში, ГРУ-ს აგენტები.

 


 

ერთ-ერთი მათგანის - ედუარდ შიმაკოვის ვინაობა “ინტერპოლმა” მალევე განასაჯაროვა, თუმცა მეორესი უცნობი რჩებოდა.

ასავლური მედიის ინფორმაციით, იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობა, რათა, საბოლოო ჯამში, მონტენეგროს ნატო-ში შესვლა ჩაშლილიყო.

რუსეთის გეგმა ჩავარდა და მომდევნო - 2017 წელს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიან.

ვლადიმირ პოპოვი”, იგივე ლეიტენანტი მოისეევი

მონტენეგროს პროკურატურა უცნობ ჯაშუშს “ვლადიმირ პოპოვის” სახელით იცნობდა. ამავე სახელით იძებნებოდა იგი 2017 წლიდან “ინტერპოლის” ბაზაშიც.

 


თუმცა როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, “ვლადიმერ პოპოვს” სინამდვილეში ვლადიმერ ნიკოლოზის ძე მოისევი ჰქვია და ის ГРУ-ს ჯაშუშია.


 

ვლადიმირ მოისეევი 1980 წლის 29 ივნისს რუსეთის კურგანის ოლქის სოფელ პივკინოში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა. შემდეგ გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჩაირიცხა რუსეთის ქალაქ ტიუმენის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში, რომელიც ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა.

შემდეგ, 2005 წელს იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და საჰაერო სპეცდანიშნულების დანაყოფს შეუერთდა - დანაყოფს, რომელიც, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში მონაწილეობდა.

ზუსტად როდის გახდა მოისეევი ГРУ-ს ჯაშუში, უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, სწორედ 2005-2009 წ.წ. პერიოდში მიანიჭა მას რუსულმა სპეცსამსახურმა “ვლადიმირ პოპოვის” ცრუ იდენტობა.

მოგვიანებით ბატონი “პოპოვი” კომპანია “მორსკოე სტრახოვანიეს” (“საზღვაო დაზღრევა”) გამოცემაში დაასაქმეს - “ფოტოკორესპონდენტად” და “ჟურნალისტად”. სწორედ ამ სტატუსით მოგზაურობდა იგი 2012-2016 წლებში ევროპაში.

2014 წელს მას ბინა “აჩუქეს” იმავე საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც რამდენიმე თვით ადრე საცხოვრებელი ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების მოწამლვის საქმის ფიგურანტ მიშკინს გადაეცა. ამ შემთხვევაშიც, მიშკინის მსგავსად, ჯაშუშის სახელ-გვარი უძრავი ქონების რეესტრში არ ფიგურირებს - “პოპოვის” ბინა მის ცოლ-შვილზეა გაფორმებული.

პოპოვის” კვალი სხვა ქვეყნებსა და საქმეებში

მონტენეგრომდე, 2014 წელს იგივე პირი მოლდოვური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. იმხანად ეს ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა.

ადგილობრივმა მედიამ “პოპოვს” მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი და წერდა, რომ ეს გეგმა ევროკავშირთან მოლაპარაკების ჩაშლის მიზანს ემსახურებოდა.

ამასთანავე, ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, “პოპოვი” არაერთგზის არის ჩასული რუსულ ქალაქ როსტოვში, სადაც პრორუს უკრაინელ სეპარატისტებს ხვდებოდა.

2013-2016 წლებში მოისეევი არაერთხელ იმყოფებოდა ბულგარეთსა და საბერძნეთშიც. ვიზიტების მიმზანი ჯერ უცნობია.

პოპოვი” და საქართველო

ირკვევა, რომ იმავე 2013-2016 წლებში მოისეევი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოშიც. კერძოდ, 2013-2015 წლებში იგი თბილისსა და ბათუმში 4-ჯერ არის ნამყოფი.

დადგინდა, რომ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეს პირი სამხედრო მიმართულების ტრენინგებს ესწრებოდა.

როგორ “გაშიფრეს” “პოპოვი”

ჟურნალისტური გამოძიების მონაწილეებმა “პოპოვის” რეალური იდენტობის დასადგენად იგივე მეთოდები გამოიყენეს, რაც სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილი აგენტების გამოსავლენად: შეისწავლეს მისი და მისი ოჯახის წევრთა “ექაუნთები” სოციალურ ქსელებში; შეადარეს რეესტრში “ვლადიმირ პოპოვისა” და ვლადიმირ მოისეივის მონაცემები; მოიკვლიეს მისი ავტომანქანის გადაადგილების ძირითადი მარშრუტები და გამოწერილი ჯარიმები.

აღმოჩნდა, რომ 2011-2013 წლებში “პოპოვის” მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებული ფოტოები უმთავრესად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში იყო გადაღებული.

2017 წელს, მას შემდეგ, რაც “ინტერპოლმა” “პოპოვზე” ძებნა გამოაცხადა, მან სოციალურ ქსელში “ექაუნთი” გააუქმა.

რუსეთი, ტრადიციულად, ყველაფერს უარყოფს

სკრიპალების საქმის ფიგურანტების – რუსი ჯაშუშების ანატოლი ჩეპიგას და ალექსანდრე მიშკინის შემთხვევის მსგავსად, კრემლი ირწმუნება, რომ მოისეევს ГРУ-სთან არავითარი კავშირი არ აქვს, არც მონტენეგროს გადატრიალებასთან ყოფილა რაიმე შეხებაში, არც სხვა ქვეყნებში მომხდარ ხსენებულ მოვლენებთან და ყველგან “ტურისტად” იმყოფებოდა.

რას ფიქრობენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იმის დასადგენად, თუ რა იცის ამ პირისა და მისი საქართველოში ვიზიტების შესახებ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დავუკავშირდით. კითხვა უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს სოციალური ქსელისმეშვეობით მივწერეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.