სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“, ყალბია

2018-11-20 17:12:07
259

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“, არის ყალბი ამბავი.

„ფეისბუკ“ გვერდ „დედაქალაქის“ გავრცელებული პოსტი, რომელიც ირწმუნება, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, 2015 წელს გერმანულ გამოცემა „ვოლტთან“ ინტერვიუში პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“ და მისი ცოდვებისათვის გასამართლებაზე ისაუბრა, ყალბია. გერმანული გამოცემა „ვოლტი“ არ არსებობს. გაზეთს, რომელიც პოსტის ავტორს სავარაუდოდ ჰქონდა მხედველობაში, „ველტი“ (die Welt) ჰქვია. ამ უკანასკნელთან ინტერვიუ კი გიორგი კანდელაკს არასდროს მიუცია.

„ფეისბუკ“ გვერდმა „დედაქალაქი“ გაავრცელა პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის, ფოტო, წარწერით: „სოროსელი გიორგი კანდელაკი ოცნებობს პატრიარქის ტაძრიდან „გამოთრევაზე“. აღნიშნული პოსტი ირწმუნება, რომ გიორგი კანდელაკმა 2015 წელს გერმანულ გამოცემა „ვოლტს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ „ამ ქვეყანაში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ბებერ და ძალაგამოცლილ პატრიარქს ქართველი ხალხი გამოათრევს იმ ციხესიმაგრიდან და გაასამართლებს მისი ცოდვებისთვის. ეკლესია და პირადად ეს კაცი აფერხებს ქვეყნის განვითარებას“.

დასაწყისისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ გერმანული გამოცემა „ვოლტი“ არ არსებობს. დიდი ალბათობით, პოსტის ავტორს ცნობილი გერმანული გაზეთი ველტი (die Welt) ჰქონდა მხედველობაში. გიორგი კანდელაკის ველტთან მიცემული ინტერვიუ ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. გარდა ამისა, თავად დეპუტატმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ველტთან ინტერვიუ მას არასდროს ჰქონია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პოსტი ყალბია და გიორგი კანდელაკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აღნიშნულ პოსტს თან სდევს „ინტერპრენიუსის“ (ipn) ლოგო, რასაც მკითხველი ასევე შეცდომაში შეჰყავს. მსგავსი შინაარსის ახალი ამბავი „ინტერპრესნიუსს“ არასოდეს გაუვრცელებია.

წყარო: http://factcheck.ge