ქაცარავა – ოკუპანტებს: „თქვენ ჩემს მიწაზე ხართ! მოგიწევთ, დატოვოთ ის!“ (ვიდეო)

2018-11-08 15:19:45
12223

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის  „ძალა ერთობაშიას“  წევრები სოფელ ატოცის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის პროცესს განაგრძნობენ. გადაწყვეტილება სოფელთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ბარიერების ინტენსიური გამაგრების პროცესმა განაპირობა. ამ დროისთვის ოკუპანტებს 50–მდე ბარიერი აქვთ დამონტაჟებული. სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე პირის, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების, ან მათ მიერ დაქირევებული მუშების ფოტოკამერით დაფიქსირება შეძლეს.



დღეს, დღის მეორე ნახევარში გამყოფ ხაზთან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეებისთვის ფოტოების გადაღების პროცესი დაიწყეს. მათ „ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ქაცარავამ მიმართა:   

„თქვენ ჩემს მიწაზე ხართ! ერთ მშვენიერ დღეს მოგიწევთ, დატოვოთ ის. თქვენ ხართ ოკუპანტები, არღვევთ საქართველოს კანონს და აგრძელებთ ოკუპაციას! მე არ ვიცი ვინ ხართ – ოსი, რუსი, რუსეთის ჯარს წარმოადგენთ, თუ ვინ ბრძანდებით, მაგრამ ხართ ოკუპანტები: იარაღით დგახართ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც დღეს წართმეულია! იქ დგომის არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვთ. გაითავისეთ, რომ სამხედრო დამნაშავეები ხართ! სამხედრო დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და ეს გაითვალისწინეთ! თქვენ ხართ ტატუნაშვილის მწამებლები და მკვლელები. მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, შემიძლია აქ და ყველგან ვიდგე, თქვენ არა!“.


ამასთან ქაცარავამ საქართველოს მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა:

„ეს ჩვენი მიწაა ხალხო, რატომ გერიდებათ აქ მოსვლის, არ ვიცი. რისი უნდა გვეშინოდეს?!“.  

ამავე თემაზე: ღამე ატოცში: „ოკუპანტები დღეს ვერ გამოვიდნენ...ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს ომი უნდა მოვიგოთ!“