ინგუშმა აქტივისტებმა განმარტეს, რატომ შეწყდა მიტინგები

2018-11-07 20:03:29
511

 

ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის ჩატარების შემდეგ ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება, უბრალოდ ის ახლა ნაკლებად არის შესამჩნევი, ვინაიდან იურიდიულ სიბრტყეში მიმდინარეობს,– განმარტავენ ინგუში აქტივისტები.

„უპირველესად, მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტს სახელი შეეცვალა და ახლა ეროვნული ერთობის ინგუშური კომიტეტი ეწოდება. ამასთან, ის მუდმივმოქმედ ორგანოდ ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ჩვენ ჩავატარეთ მსოფლიო კონგრესი, რომელზეც შევქმენით ორი ორგანო – იგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდიუმი და აღმასრულებელი კომიტეტი. ახლა ვსახავთ სამომავლო მოქმედების გეგმას და ვაწარმოებთ უშუალო სამუშაოებს. ამ დროისთვის ოდნავ სხვა სიბრტყეში ვართ გადასულები – იურიდიულში, რადგან ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრის შესახებ მიღებული კანონი ჩვენი რესპუბლიკის კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში. ახლა ვმუშაობთ ყველა ორგანოსთან, ვაწვდით მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის რეალიზება. პარალელურად, ვურთიერთქმედებთ ფედერალურ სამინისტროებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კვლავ გავაგრძელებთ სვლას ამ კანონის გაუქმების მისაღწევად, სანამ სტატუს–კვო სრულად არ აღსდგება“,– განაცხადა ინგუშთა ეროვნული ერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდიუმის თანათავმჯდომარემ მუსა მალსაგოვმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში უნდა გაიმართოს ინგუშეთის პარლამენტის სხდომა და აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ იგი სადავო კანონს ახლით შეცვლის.

ამასთან, მალსაგოვი საჭიროების შემთხვევაში არც მიტინგების განახლების საჭიროებას გამორიცხავს.

„მიტინგები მიტინგებისთვის არ უნდა იმართებოდეს, თუმცა თუ ქუჩაში გასვლის საჭიროებას დავინახავთ, მარტივად შევიკრიბებით თუნდაც ერთ დღეში და იმდენივე ხალხს გამოვიყვანთ – თუნდაც აქცია სანქცირებული არ იყოს. თუმცა ხაზგასმით მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ“,– დასძინა მალსაგოვმა.  

ინგუშების პროტესტის საფუძვლები იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/60792