კომკავშირს ვერ შეველევით?

2018-11-06 18:58:35
187

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ამ დღეებში საგამგებოდ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე ადგილობრივებს კომკავშირის 100 წლის იუბილე მიულოცა. ბევრისთვის მოულოდნელობა იყო იმის აღმოჩენა, რომ კომკავშირი აქ წარსულს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებია.

კომკავშირის საფუძვლები გვეუბნება, რომ ახალგაზრდობის იდეური ერთობის აუცილებლობა ყოველთვის დგას, როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოება – სოციალისტური, კომუნისტური თუ კაპიტალისტური. ძნელია, სამხრეთ ოსეთის ომისშემდგომ გეგმაზომიერ აღმშენებლობაში კომკავშირის როლი გადააფასო” - განაცხადა ღონისძიებაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომელსაც ბევრი გაოცებული სახით უსმენდა.

დამსწრე საზოგადოებას მთლად ცხადად არ ესმოდა, ვის და რას გულისხმობდა მათი ლიდერი.

ზოგიერთებს გაახსენდათ განცხადება, რომელიც ერთი წლის წინ თავის ვებ-გვერდზე “სამხრეთ ოსეთის კომუნისტურმა პარტიამ” განათავსა. მასში ნათქვამი იყო, რომ “სადღეისოდ პარტია 100-ზე მეტ წევრს ითვლის” და რომ “პარტიას კომკავშირული ორგანიზაციები რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში გააჩნია».

თუმცა საქმე მხოლოდ მცირერიცხოვანებაში არ არის. უბრალოდ არც კომპარტიის და არც მით უფრო კომპავშირელების რაიმე აქტივობა ოსურ საზოგადოებას კარგა ხანია, აღარსად უნახავს.

საზოგადოების ნაწილმა ეს იმ თანამშრომლების არაკეთილსინდისიერ მოღვაწეობას მიაწერა, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტს ტექსტებს უწერენ. ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ბიბილოვი დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების წინ კომუნისტებისადმი ყურადღებას შემთხვევით არ იჩენს: საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას შორის სჭარბობენ ადამიანები მემარცხენე შეხედულებებით.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კოსტა ძუგაევი აღნიშნავს, «საბჭოთა დრო, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, ვიდრე ის კოშმარი, რომელიც ოსმა ხალხმა 1990-იანებში, შემდეგ 2000-იანებში გადაიტანა, ამდენად ერთგვარი ნოსტალგია გასაკვირი არ უნდა იყოს”.

საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც ჩვენში, ვიმედოვნებ, ცოტანი არ არიან, ყველაფერი სწორად ესმით, ამიტომაც ის ერთგვარი კომკავშირული ელფერი, რომელიც ნოემბრის დღესასწაულებს თან ახლავს, გარკვეული სკეპტიციზმით აღიქმება. რაც შეეხება ახალგაზრდობას, ვფიქრობ, ახალი თაობა თავისუფალია მთელი ამ სტერეოტიპებისგან» - ამბობს ძუგაევი.

თავის მხრივ, ოსი ბლოგერი ალან პარასტაევი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ოკუპირებულ რეგიონში, დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ახალგაზრდობასთან იდეოლოგიურ მუშაობასაც, თუმცა “არავითარი აზრი არ აქვს, ნოსტალგია გვქონდეს საბჭოთა კავშირის და ვახდენდეთ კომკავირლებისა და პიონერების კოპირებას”:

«დღეს ბავშვებს აღლუმებზე სამხედრო ფორმას აცმევენ და უხარიათ… პატრიოტული აღზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა არასაკმარისი. ჯერ-ჯერობით ვერ ვხედევ რაიმე მწყობრ, ჩამოყალიბებულ, კარგად გააზრებულ სახელმწიფო პოლიტიკას, ახალი თაობის აღზრდის ჰარმონიული, ყოვლისმომცველი აღზრდის პროგრამას, რათა შემდგომში ახალგაზრდობამ შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ხედავდეს განვითარების პერსპექტივას, თუნდაც მეცნიერების კუთხით... ჩვენთან ახალგაზრდობის უმრავლესობა თავის მომავალს თუ არა სპორტში ან ცეკვაში, მაშინ ძალოვან უწყებაში ხედავს. ამაშია პრობლემა. ჩვენთან ადამიანები, რომლებიც მშვენივრად ფლობენ უცხო ენებს, ისტორიას, სამართალდამცველ ორგანოებში არიან დასაქმებულები, რადგან სხვაგან პერსპექტივა ვერ დაინახეს».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება