საკუთარ თავთან დაბრუნება

2018-10-25 18:09:57
453

ათიოდე წლის წინათ ბაზალეთის ტბასთან ნარკოდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარმოუდგინეს გრანდიოზული კომპლექსის პროექტი, სადაც ჩანაფიქრის თანახმად უნდა მომხდარიყო ბენეფიციართა მკურნალობა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. კომპლექსის მშენებლობა და ამუშავება სახელმწიფოს დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი უჯდებოდა. სიძვირის გამო აღნიშნული პროექტი შეჩერებული და მივიწყებული იქნა. მაგრამ სრულფასოვანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გარეშე ნარკოდამოკიდებულების საუკეთესო მკურნალობაც კი სასურველ შედეგს არ მოგვიტანს. არასამთავრობო სექტორი ყოველთვის ცდილობდა ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და სარეაბილიტაციო ცენტრი „თაბორი“. ორი წლის წინ კი ა/ო „თანადგომამ“ გრემში დააფუძნა პირველი რეგიონული ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებულთათვის.

ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა!.. “

გრანდიოზული სარეაბილიტაციო კომპლექსების აშენებას საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაწვდება, მაგრამ მცირე რეგიონული ცენტრების ქსელის შექმნა სავსებით შესაძლებელია. ასეთ ქსელის უპირატესობა ისიცაა, რომ ტერიტორიული წვდომის პრობლემაც გადაწყდება. გრემში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრი ამ კუთხით „პირველი მერცხალია“. პროექტის კოორდინატორმა ვაჟა კასრელიშვილმა მსგავსი ცენტრების სისტემა 2001 წელს პოლონეთში იხილა. სწორედ მაშინ გაუელვა პირველად აზრმა რომ ეს მოდელი საქართველოშიც გაამართლებდა:

- წლების შემდეგ უკრაინაშიც დავრწმუნდი რა შედეგიანად შეიძლება მუშაობა ასეთი ტიპის ცენტრში. ახლა ვცდილობთ ეს გამოცდილება საქართველოშიც გადმოვიტანოთ; ცხადია, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ცენტრი ორი წელია რაც არსებობს. გზა და გზა ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებთ. შენობა მხოლოდ გასული წლის სექტემბრისთვის გავარემონტეთ: მოვაწყვეთ საცხოვრებელი ოთახები, თითქმის დავამთავრეთ სველი წერტილების რემონტი. სამუშაოები ახლაც მიდის: მესამე სართულზე განთავსდება სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. ცენტრი დებულების თანახმად ექვს მამაკაცზე და ოთხ ქალზეა გათვლილი, თუმცა დღემდე ქალბატონები არ გვყოლია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რომ მეტი მამაკაცი მივიღოთ. აქ მოსვლამდე სამკურნალო პროგრამები უკვე გავლილი უნდა ჰქონდეთ; ჩვენ კი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ვზრუნავთ. ცენტრში შრომითი და არტ-თერაპიის მეთოდებს ვიყენებთ. გვაქვს კერამიკული საამქრო და პატარა მეურნეობა, სადაც ცოტაოდენი ბოსტნეული მოგვყავს. მაინც სულ სხვაა, როდესაც მაგიდაზე საკუთრი ხელით მოწეული პამიდვრით გაკეთებული სალათი გიდევს; ესეც თერაპიის ნაწილია. სამომავლოდ ვაპირებთ მეფუტკრეობის მეურნეობა გავმართოთ და ქათმები მოვაშენოთ. უკვე ოცდახუთ ბენეფიციარს აღმოვუჩინეთ დახმარება. ცენტრში ორი კვირიდან სამ თვემდე შეიძლება გაჩერება, მაგრამ რადგანაც ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, ჩავარდნის რისკის გაჩენისთანავე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ - ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. სამი-ოთხი შემთხვევა უკვე გვქონდა როდესაც ადამიანმა სოციუმის წნეხს ვერ გაუძლო და მობრუნდა.

ცნობისთვის: ამჟამად ცენტრი „შიდსის ფონდი - აღმოსავლეთი და დასავლეთის“ და ევროკავშირის დაფინანსებით ორ პროექტს ახორციელებს: ერთი გათვლილია ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებულ პირებზე; მეორე - ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებზე, რომელთა შორის ნივთიერებებზე დამოკიდებულიც არიან.

მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნოთ ..“

ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში პიროვნების დესტრუქცია ხდება. ფსიქოლოგიური მუშაობის მთავარი მიზანი საკუთარ თავთან დაბრუნებაა, რაც საზოგადოებაში დაბრუნების, ანუ სოციალური რეინტეგრაციის აუცილებელი პირობა გახლავთ. ფსიქოლოგი ელისო ჩაჩხიანი კვირაში ორჯერ მოდის და მის ყოველ ვიზიტს ბენეფიციარები სიხარულით ელიან :

- ძალიან კეთილგანწყობილი და ჯანსაღი ატმოსფეროა შექმნილი; უკვე ერთი დიდი ოჯახივით ვართ. რომ ვთქვა - მაშინვე იხსნებიან-მეთქი - ზღაპარი იქნება. ამ შემთხვევაში ჯგუფური თერაპია გვეხმარება. ცენტრში „12 ნაბიჯის“ პროგრამა მოქმედებს; გახსნილობისა და ნდობის მომენტების გამო ყველაზე მეტად სწორედ ეს მეთოდი მოსწონთ. ამის შემდეგ დიდი ძალისხმევა აღარც მჭირდება - ჩაღრმავებულ ინდივიდუალურ თერაპიაზეც მოდიან. ძალიან მოტივირებულნი არიან და უნდათ რომ მოუსმინონ, რაც ფსიქოთერაპიის მთავარი პირობაა. გარდა ამისა ბიჰევიორისტული მეთოდის გამოყენებით ვცდილობთ დესტრუქციული ქცევა კონსტრუქციულით ჩავანაცვლოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შრომითი თერაპია. ცენტრში დღის წესრიგი გაწერილია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთოდ არ დარჩეს თავისუფალი დროის მონაკვეთი, რომელიც რამე სასარგებლო საქმიანობით არ იქნება შევსებული. გარე სამყარო კი მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი ნამდვილად არ არის, ხოლო ნარკოდამოკიდებულებს აღიქვამს როგორც საეჭვო დამნაშავეებს, რომელთაგანაც არც კი იცის რას უნდა ელოდოს. სტიგმის გარდა სოციალურ რეინტეგრაციას დასაქმებასთან დაკავშირებული სიძნელეები ართულებს; ზოგს საბუთი არ აქვს წესრიგში და სოციალური დახმარებაზეც ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ ცენტრიდან გასვლის შემდეგ ხანდახან ჩავარდნები მოსდით და უკან ბრუნდებიან, რათა საკუთარ თავზე მუშაობა გააგრძელონ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნოთ. ცენტრში ოფიციალური ვიზიტების გარდა ჩემი ტელეფონი ყოველთვის ჩართულია და ყოველ წუთში მზად ვარ მოსასმენად და მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

ფსიქოლოგ ელისო ჩაჩხიანს მართლაც ურთულესი მისია აკისრია. ცენტრის ყოველ ბენეფიციარს საკუთარი ისტორია და ტკივილი აქვს. 42 წლის ნოდარი თ. სპეციალობით ეკონომისტია. ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობა ოჯახისა სამსახურის დაკარგვად დაუჯდა. ახლა პროფესიის დაბრუნებაზე ფიქრობს და დარწმუნებულია რომ ძველ ცხოვრებას კარი სამუდამოდ მიუხურა:

- 23 წლის ვიყავი ნარკოტიკის მოხმარება რომ დავიწყე. მივედი ერთხელ ბიჭებთან, ვნახე რომ ჰეროინს მოიხმარდნენ და ვუთხარი - მეც გამასინჯეთ-მეთქი. ეს ყველაფერი და ათი წელი გაგრძელდა. ვცდილობდი მემკურნალა, მერე ვუბრუნდებოდი. ბოლოს ჯეფი გავიკეთე და ისე ცუდად გამხადა, რომ რვა წელი საწოლში გავატარე. თავიდან ცენტრში ერთი თვე ვიყავი. მერე გავედი და გარკვეული ხნის შემდეგ მობრუნება მომიხდა; ჩავარდნისგან არავინაა დაზღვეული. აქ თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. ამჯერადაც ერთი თვე გავჩერდები; მერე ვნახოთ. მთავარია ისევ იმ სიტუაციაში და იმ წრეში არ მოვხვდე.

38 წლის გიორგი ლაზარიაშვილს ძმა დაეღუპა და სასმელში ჰპოვა შვება. ცენტრში მოსვლა ურჩია მეზობელმა, რომელმაც აქ გარკვეული პერიოდი გაატარა. გიორგისთან ფსიქოლოგიური მუშაობის მთავარი ამოცანა სტრესოგენური სიტუაციების მიმართ ფსიქოლოგიური მდგრადობის გამომუშავებაა:

- ცენტრში ორჯერ მომიწია დაბრუნება და ჩავარდნა ორივეჯერ ტრავმაზე მომივიდა. პირველად რომ გავედი ბრიგადაში ვმუშაობდი და შესვენებაზე ბიჭები სასმელს სვამდნენ, მე კი კოკა - კოლას. წარმოიდგინეთ, სიგარეტსაც კი თავი გავანებე. რაღაც უკიდურესი ტრავმა თუ არ მივიღე, სასმელისკენ არც ვიხედები. ძალიან კმაყოფილი ვარ მეზობელ რომ დავუჯერე. აქ თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობ. განსაკუთრებით კერამიკული საამქროში მუშაობა მომწონს: რაღაც ლამაზ ნივთს რომ ვაკეთებ გულს ვაყოლებ და სასმელის მონატრებაც ქრება. რაც აქ გამოცდილება მივიღე, აუცილებლად გამომადგება რომ მომავალში საკუთარი თავი და ცხოვრება ვაკონტროლო.

ცენტრის ბენეფიციარ გოჩა დიასამიძესაც ძალიან უყვარს კერამიკის სახელოსნოში საქმიანობა, ანუ, როგორც თავად ამბობს - არაფრისგან სილამაზის შექმნა. კერამიკის ხელოვნების მასწავლებლის თემურ კევლიშვილის აზრით, გოჩა განსაკუთრებული ნიჭითა და მდიდარი წარმოსახვითაა დაჯილდოებული. თავად კი მიაჩნია რომ უნარები დედისგან გამოჰყვა. ყოველთვის უნდოდა ამ კუთხით ესწავლა, მაგრამ ვერ მოახერხა და კერამიკის სახელოსნოში ათვისებული უნარები მისთვის დაუფასებელ გამოცდილებად იქცა. ახლა ნარკოტიკის გახსენებაც კი აღარ უნდა.

ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული

ცენტრის ბენეფიციართა დიდი ნაწილი უკვე ოცდაათს წელს გადაცილებულია. უმრავლესობას რაღაც ტიპის პროფესია თუ აქვს, ცხოვრების წესის გამო დიდი ხანია დაკარგეს, რაც მათ სოციალურ რეინტეგრაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სამომავლოდ კარგი იქნებოდა ცენტრში პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის დანერგვა, რომლის ფარგლებში ბენეფიციარები შრომის ბაზარზე მოთხოვნად სხვადასხვა ხელობას აითვისებდნენ. ამის გამოცდილება არასამთავრობო სექტორში უკვე არსებობს; მაგალითად, სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც ა/ო „ზრდასრულთა განათლების ქსელის“ მიერაა დაფუძნებული, 2016 წელს განხორციელდა პროექტი „ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“. მის ფორმატში რამდენიმე ნარკოდამოკიდებულმა მამაკაცმა პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სწავლების კურსები გაიარა. პიროვნული განვითარებაში იგულისხმება პიროვნული რესურსების მაქსიმიზაცია, რასაც ახორციელებენ ფსიქოლოგი და სოციალური უნარების ტრენერი. პროექტის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ისინი კომპანია „თერმაში“ ელექტროტექნიკოსებად მიიღეს და დღესაც წარმატებით საქმიანობენ.

საინტერესო დეტალი: სათემო განათლების რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელებს მაია ჭანტურიას (ჯვარი), ნონა ქადარიას(სენაკი) და მადონა ოქროპირიძის (კოდა) აზრით, სამომავლოდ კარგი იქნებოდა ნარკოდამოკიდებულთა სამიზნე ჯგუფზე მიმართული სპეციალური პროექტის განხორციელება.

ზემოაღნიშნული გამოცდილება შეიძლება ნარკომომხმარებლების სარეაბილიტაციო სისტემაშიც წარმატებით იქნას დანერგილი. პროფესიული უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ა/ო „თანადგომის“ რეკომენდაცია საიმედო საგზური გახდებოდა გრემის ცენტრის ბენეფიციართა სოციალური რეინტეგრაციისთვის. აი რას ამბობს ამ საკითხზე ა/ო „თანადგომის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო წერეთელი:

- პროგრამა თერაპიული მეთოდებით დახუნძლული, მაგრამ აგრეთვე ურთიერთ შემავსებელი და მთლიანი უნდა იყოს. პიროვნული განვითარების პროგრამებზე ჯერ არ გვიფიქრია, თუმცა კარგი აზრია და ადვილად შესაძლებელია რაღაც ეტაპზე ეს კიდეც განვახორციელოთ. როდესაც რაღაც ახალი შემოგვაქვს, ყოველთვის ვცდილობთ დავაზუსტოთ არსებობს თუ არა მსოფლიოში ამის გამოცდილება და რა შედეგი მოიტანა. ანუ სიახლეებს ფრთხილად ვნერგავთ, რათა მართლაც ღირებული რამე გავაკეთოთ და შემდგომ მთელი საქართველოს მასშტაბითაც სამოდელო გამოდგეს.

დღესდღეობით გრემის ცენტრში დღის წესრიგის უპირველესი ამოცანა რემონტის დასრულება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ვაჟა კასრელიშვილი აღნიშნავს, რომ სიახლეების კუთხით ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული:

- პერსპექტივაში გვაქვს სოციალური საწარმოს ორგანიზების იდეა, რომელიც ცენტრს შემოსავალს და ფინანსურ დამოუკიდებლობას მოუტანს. მეფუტკრეობა-მეფრინველეობა და სასათბურე მეურნეობა მაქვს მხედველობაში. აქვე გრემში წარმატებით მოქმედებს უნარშეზღუდული ბავშვების პანსიონის ბაზაზე დაფუძნებული სოციალური საწარმო, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ღვინო მზადდება და ეკონომიკური მოგებაც აქვთ. შემოსავალი ბენეფიციარებისთვის ნორმალური მდგომარეობის შექმნას ხმარდება. მაგრამ გრემის პანსიონი უკვე ოცი წელია ფუნქციონირებს, ამასთან ბევრი სიახლე იაპონიის საელჩომ დაუფინანსა. ჩვენც სამჯერ შევიტანეთ საგრანტო განაცხადი, მაგრამ უშედეგოდ. უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებით ბიზნესმენს გულს ადვილად აუჩუყებ; ნარკოდამოკიდებულების კუთხით კი სტიგმა მუშაობს. ცხადია ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ: უკვე გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებთან. „ვისოლისა“ და „აჭარა-გრუფის“ წარმომადგენლებმა გამოხატეს სურვილი შეეტანათ წვლილი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის განვითარების საქმეში. ლაპარაკი იყო ყოფილი პატიმრების და ნარკო მომხმარებლების დასაქმებაზე თუნდაც ბენზინის ჩამსხმელის პოზიციაზე. მაგრამ სტიგმა აქაც მუშაობს: ცდუნებას რომ ვერ გაუძლონ, თანხა ჯიბეში ჩაიდონ და გაიქცნენ?! მოკლედ, უამრავი ბარიერია გადასალახი.

ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძის განმარტებით, სწორი მენეჯმენტის პირობებში სოციალური საწარმო მომგებიანი ნამდვილად იქნება. მაგრამ აქ თავს იჩენს სხვა პრობლემა: რამდენად მოხერხდება მიღებული შემოსავლით ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება? ფაქტია, რომ ბენეფიციარებს სპეციფიკური საჭიროებებიც აქვთ; იგულისხმება მრავალპროფილიანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რისთვისაც კვალიფიცირებული სპეციალისტების მოწვევაა საჭირო. ეს ყველაფერი კი სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი (მაგალითად გერმანიაში) სოციალური საწარმოების დაფინანსების ორი წყარო არსებობს: საკუთარი ძალები და სუბსიდირება.

აუცილებელია სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება

გრემისპირველი მერცხლის ჭიკჭიკი“ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რეგიონული სისტემის სფეროში „გაზაფხულის“ დადგომას გვაუწყებს. ა/ო „ჰეპა+“-ის ხელმძღვანელი მანანა სოლოგაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციაც გეგმავს ქალაქგარეთ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დაფუძნებას, რომელშიც აუცილებლად დაინერგება პიროვნული განვითარების მიმართულება. იმედია „ზიანის შემცირების ქსელში“ გაერთიანებული სხვა ორგანიზაციებიც ნელ-ნელა შეუერთდებიან ამ ინიციატივას. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სფერო მხოლოდ მაშინ მოგვცემს საზოგადოებრივად ღირებულ ეფექტს, თუკი რეგიონებში გასული ფართომასშტაბიანი სისტემის სახეს მიიღებს და ამ სისტემაში სამკურნალო კომპონენტიც შევა. ეს ტერიტორიული წვდომის პრობლემას მოხსნის. განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ნარკომოხმარების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

ცხადია, დაფინანსების გარეშე ასეთი მასშტაბური ძალისხმევის განხორციელება შეუძლებელია. ყოველთვის დონორების იმედზე კი ვერ ვიქნებით. აუცილებელია სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. ბიუჯეტის რაციონალურად დაგეგმვა-ხარჯვის შემთხვევაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის სუბსიდირების თანხა აუცილებლად გამოიძებნება. არსებობს დაფინანსების სხვა წყაროც - ბიზნეს-კორპორაციები, რომლებიც ამ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ავლენენ მზაობას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გამოსავლენად; ანუ ნებაყოფლობით იღებენ დამატებით სოციალურ ვალდებულებებს არა მარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ზოგადად საზოგადოების მიმართაც. მაგალითად, გორის სანერგე მეურნეობამ წარმატებით შემოიტანა თავის საქმიანობაში სოციალური საწარმოს კომპონენტი და ყოფილი პატიმრები დაასაქმა. კომპანია „თერმას“ წვლილზე ზემოთ ვისაუბრეთ.

ნარკოდამოკიდებულების დამარცხება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია. ამ მიზნის მისაღწევად ყველა არსებული ფინანსური რესურსი უნდა იქნას გამოყენებული და ახალი რესურსებიც უნდა შეიქმნას.

მედეა გოგსაძე