"თავს გაგიხვრეტ პირადი იარაღით!": როგორია, იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტი ცხინვალში

2018-10-19 17:54:15
803

ჟურნალისტებს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც უპირველესად, მედიისადმი დამოკიდებულებით ვაფასებთ. ყოველთვის ვიცოდით, რას უნდა დავლოდებოდით პრეზიდენტი კოკოითისგან, ან როგორ რეაგირებდნენ თიბილოვის მთავრობის ჩინოსნები კრიტიკასა თუ მმართველი პარტიის გენერალური ხაზისგან განსხვავებული აზრის გამოხატვაზე. 

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეალობაზე საკუთარი შეხედულების მქონე ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოვლინდა, როდესაც სახელმწიფო რადიოსადგურს, სადაც იმხანად ვმუშაობდი, პრეზიდენტ ბიბილოვის პირადი უსაფრთხოების სამსახური დაატყდა თავს ჩხრეკის ჩასატარებლად. ყველას გვესმოდა, რომ ეს არსობრივდ, დაშინების აქცია იყო. პრეზიდენტი ბიბილოვი მაშინ ამ პროცესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა, თუმცა თუ აღიარებ, რომ პირად დაცვას შეუძლია, რაღაც შენი ნებართვის გარეშე მოიმოქმედოს, ეს საკუთარი უსუსურობის აღიარებას ნიშნავს. 

სანამ ცხინვალში ძალოვანების რეიდის დეტალებს განიხილავდნენ, ტელე–რადიოკომპანიის ხელმძღვანელობამ შუამავალთა პირით სამსახურიდან "საკუთარი ნებით" წასვლა შემომთავაზა. მე უარი ვთქვი. რადიოსადგურის კოლექტივი, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა, დასაჯეს – დილის შოუს პროექტი დაუხურეს.

ჩვენს დირექტორს ყოველთვის ეშინოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, სამაგიეროდ უხვად აფრქვევდა საკუთარ აზრებს კულუარებში. ის ხატოვნად უყვებოდა ნდობით აღჭურვილ პირებს, რომ მე სერიოზულ საფრთხეს წარმოვადგენ, რადგან შემიძლია, პირდაპირ ეთერში რაიმე არასასიამოვნო ვთქვა პრეზიდენტ ბიბილოვის შესახებ. ანუ, მაგალითად, გიორგი ქელეხსაევის ხედვით, დღის ჰოროსკოპის კითხვისას შემეძლო, განმეცხადებინა: რაკი დღეს კურო მერწყულის თანავარსკვლავედშია, ანატოლი ილიას ძე მაინცდამაინც კარგი ადამიანი არ არის. 

2–3 დღით რადიოსადგურს ინტერნეტი გაუთიშეს, რის შედეგადაც ფაქტობრივად ყველა სამსახური გაჩერდა, შემდეგ აღადგინეს, თუმცა ლოკალური კომპიუტერები საერთო ქსელიდან გათიშეს. არადა, სწორედ იქიდან იღებდა ნიუსრუმი, როგორც წესი, ინტერვიუებსა და კომენტარებს ახალი ამბების გამოშვებისთის. ტრადიციისამებრ, რიგითი თანამშრომლებისათვის არავის არაფერი აუხსნია, სამაგიეროდ კულუარებში ხელმძღვანელობის ხელდასმით კვლავ დაიწყო გავრცელება ჯაშუშურმა ვერსიამ: ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ირინა ქელეხსაევას შეუძლია, გამოიყენოს ქსელი მოიპაროს სატელევიზიო კადრები, რათა შემდეგ ქართულ სპეცსამსახურებს მიჰყიდოს. 

ამ ტელეპათიური პრაქტიკის დროს მინდა, დავსვა არა ის კითხვა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ქართულ დაზვერვასთან, არამედ ის, რამდენად შეიძლება აინტერესებდეს მას ოსური ტელევიზიის კადრები, რომელიც ოფიციოზით – სამთავრობო სხდომებით ან სხვადასხვა ჩინოსნების განცხადებებითაა დახუნძლული, რომლებიც ისედაც უხვად იყრება ქსელში. 

მოკლედ, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მიმანიშნეს, რომ ხელმძღვანელობას ჩემი იქ ყოფნა არ მოსწონს და სიამოვნებით გათავისუფლდებოდა ჩემგან. ივნისის დასაწყისში განცხადებების სტენდზე გაჩნდა ბრძანება, დირექტორის ხელმოწერით ყველა თანამშრომლის საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანის შესახებ. სახელდახელოდ შევსებული კონტრაქტების ხელმოსაწერად დარიგება შრომითი კანონმდებლობის ყველა ნორმის დარღვევით – მეორე დღეს დაიწყეს. ბევრი ჩემი კოლეგა აღიარებდა, რომ ცარიელ ბლანკებსაც კი აწერდა ხელს, ოღონდ ხელმძღვანელობა არ გაეღიზიანებინა. კონტრაქტის ხელმოწერას დავთანხმდი იმ პირობით, რომ მას ყველა წესის მიხედვით შეავსებდნენ, ყოველგვარი იურიდიული დარღვევების გარეშე. აგვისტოში კონტრაქტი კვლავ შემომთავაზეს, თუმცა მისი შევსების კუთხით არანაირი ცვლილება არ განუხორიცელებიათ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტში იურიდიული ექსპერტიზისთვის წარდგენილი ეგზემპლიარი სამთავრობო იურისტმაც კი გააკრიტიკა, რამაც ჩემს ხელმძღვანელობას გაღიზიანებისთვის მორიგი საბაბი მისცა. 

მთელი ზაფხული მსოფლიო მუსიკალური ჰიტების შესახებ ახალი გადაცემის შექმნას დავახარჯე და დედას ვფიცავარ, არანაირი მცდელობა არ მქონია, რაიმენაირად დამეკავშირებინა პრეზიდენტ ბიბილოვის სახელი "ბითლზის" შედევრებთან. აგვისტოს ბოლოს, სავარაუდო კუთვნულ შვებულებამდე ორი კვირით ადრე დავწერე განცხადება, რომელსაც რადიოს დირექტორმა ხელი მოაწერა. შემდეგ რჩებოდა მხოლოდ ერთი ფორმალობა, ტელე–რადიო სადგურის დირექტორის ვიზირება. 

3 სექტემბერს მშვიდად გავედი შვებულებაში, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, ჩემთვის არ დაუმტკიცებიათ. სამაგიეროდ ტელე–რადიოსადგურის დირექტორის მოადგილე მადინა ვალიევამ დაიწყო ყოველდღიურ რეჟიმში აქტების წერა სამსახურში ჩემი არგამოცხადების შესახებ. არადა ის საქმის კურში იყო ჩემი შვებულების, მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მხვდებოდა და სიტყვაც არ დაცდენია. ვალიევასთან დაახლოებული წყაროებისგან შევიტყვე, რომ სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების მთავარი ინიციატორი სწორედ ის იყო. ეს წყაროები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ვალიევას დიდი სურვილი ქონდა, პრეზიდენტისთვის ეს სასიხარულო ამბავი ეცნობებინა და სანაცვლოდ ძმის შეწყალება მიეღო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ციხეში სასჯელს ყაჩაღური თავდასხმისა და ძარცვისთვის იხდის. გავიგე ისიც, რომ რადიოსადგურის დირექტორი ამ აქტების ხელმოწერაზე უარს აცხადებდა და ისიც კი უთქვამს, რომ ჩემი შვებულება კანონიერი იყო. 

"სამსახურში არგამოცხადების გამო" ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას 19 სექტემბერს მოეწერა ხელი, ტელე–რადიოკომპანიის ხელმძღვანელობამ შვებით ამოისუნთქა და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩააბარებდა "პატრონს" ამ სასიხარულო პატაკს. თუმცა გიორგი ქელეხსაევმა, რომელიც ემოციების მოთოკვას შეჩვეული არ არის, უპატიებელი შეცდომა დაუშვა: მოწმეების თანდასწრებით განაცხადა, რომ ტელე–რადიოკომპანიაში დაბრუნების შესაძლებლობას არცერთ შემთხვევაში არ მომცემს "ჩემს სისხლს დალევს" და იმისთვისაც კი მზადაა, "საკუთარი იარაღით შუბლი გამიხვრიტოს". 

სხვათაშორის, დღეს მუქარის ფაქტზე განცხადება მილიციის საქალაქო განყოფილებაში დავტოვე


ირინა ქელეხსაევა 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება