„(არა)საარსებო“ მინიმუმი, ანუ როგორ „გავიტანოთ გრენლანდია“

2018-10-15 21:19:42
425

წერილი მეორე

ორიოდე კვირის წინ საზოგადოება მორიგმა ტრაგედიამ შეძრა. მცირეწლოვან ბავშვის ოჯახს ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა არ ჰქონდა. გაუგებარი მიზეზის გამო სახელმწიფო სტრუქტურებმა პატარას ოპერაცია არ დაუფინანსეს. მაშინ სასოწარკვეთილმა მამამ წერილი დაწერა, გასვენებაში აღებული თანხით ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთეთო და თავი მოიკლა. იმავე პერიოდში მედიაში ფრიად საგულისხმო ინფორმაცია გავრცელდა: საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ექიმებმა ორ მილიონამდე თანხა გადაურიცხეს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს ექიმების პირადი გადაწყვეტილება იყო, რომლის შესახებ თავადაც მედიის საშუალებით შეიტყო.

რა კავშირშია ეს ფაქტი პუბლიკაციის თემასთან? - იკითხავს მკითხველი.

კავშირი პირდაპირი და სიღრმისეულია, რამეთუ ასახავს მძიმე მდგომარეობას არა მარტო მოსახლეობის საარსებო შესაძლებლობების, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც როგორც სახელმწიფო მხრიდან, ისე კორპორაციული თვალსაზრისით. სამწუხაროდ, სოციალური სოლიდარობა საქართველოში ხშირად ინდივიდუალური ინიციატივის დონეზეა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც პრაგმატიზმის გამოვლინება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility - CSR) ხშირად ქველმოქმედებაში ეშლებათ. ერთი შეხედვით, მსგავსება მართლაც არის - ორივე ნებაყოფლობითი სიკეთეა; მაგრამ ქველმოქმედებას აქციური ხასიათი აქვს და შეიძლება, განახორციელოს როგორც კერძო, ისე იურიდიულმა პირმა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ - მოხერხებულობისთვის ამ აბრევიატურით ვისარგებლებთ) კი იურიდიული პირის გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ქველმოქმედი საპასუხო მოგებას არ ელის, კსპ-ს მიზანი კი ორგანიზაციის მეტი მოგების მიღება, რეიტინგის ამაღლება და ბიზნესის მდგრადი განვითარებაა. დამატებითი სოციალური ვალდებულებების აღება ხდება არა მარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ზოგადად საზოგადოების მიმართაც. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის პრაგმატიზმის გამოვლინება - ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო მნიშვნელობით. მის სიღრმისეულ არსს კარგად გამოხატავს ქართული ანდაზა: „გაეცი - მოგეცეს!“, რომელშიც ზუსტადაა ასახული ეკონომიკური ეფექტიანობის და სოციალური სოლიდარობის ურთიერთკავშირი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა XX საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ზოგადად სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების ხანგრძლივი პროცესი ჯერ კიდევ პარიზის კომუნის და ოქტომბრის რევოლუციის სისხლიანი მოვლენების შემდეგ დაიწყო. დამსაქმებლებმა საკმაოდ სწრაფად გააცნობიერეს, რომ დასაქმებულებთან მიმართებაში რაღაც უნდა შეეცვალათ, - წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შესაძლებელია, მარქსის პროგნოზები გამართლებულიყო. სწორედ ამიტომ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მმართველი კლასები საზოგადოების მიმართ ბიზნესის პასუხისმგებლობის ცალკეულ ასპექტებზეც დაფიქრდნენ. რევოლუციების პრევენციისთვის გატარდა სოციალური რეფორმები, შემოიღეს შრომითი კანონმდებლობა, გაიზარდა ხელფასები და ა.შ.

ბიზნესის მიერ დამატებითი ვალდებულებების აღებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან სიკეთეებზე გასული საუკუნის 70-იან წლებში ალაპარაკდნენ. 1992 წელს რიო დე ჟანეიროში მსოფლიო სამიტზე „მდგრადი განვითარების მსოფლიო საქმიან საბჭოში“ გაერთიანებულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა თვითრეგულირების პროგრამა წარმოადგინეს. სპეციალურად შემუშავდა სოციალური პასუხისმგებლობის ISO 26000 სტანდარტი, რომელშიც შევიდა თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა, თანხების განათლებასა და კვლევებში ჩადება და ა.შ. თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიო ბრენდია, ეს სტანდარტი მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დააკმაყოფილოს.

საინტერესო დეტალი: სიტყვა corporatio (ლათ.) ნიშნავს „გაერთიანებას“, ანუ არსობრივად, ყოველგვარი კორპორაცია საერთო მიზნის მისაღწევად შექმნილი გაერთიანებაა. მიზანი შესაძლოა, იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, პროფესიული და ა.შ. ს შუა საუკუნეების ევროპაში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე შექმნილი კორპორაციები - ვაჭართა გილდიები გააფთრებით იცავდნენ ვაჭართა წოდებრივ უფლებებს, რითაც ხელი შეუწყვეს ფეოდალური წყობილების დაშლას (საკმარისია, გავიხსენოთ მედიჩების კლანის მოღვაწეობა ფლორენციაში). საქართველოში  უკვე XIII საუკუნეში არსებობდა ვაჭართა კორპორაცია - ე.წ. ურთაღი (ორთაღი), რომელიც დარბაზის მეშვეობით პოლიტიკაზე აქტიურ ზეგავლენას ახდენდა. ერთიანი სამეფოს დასუსტება-დაშლის პარალელურად, ურთაღის პოლიტიკური გავლენა მინიმუმადე შემცირდა. კაპიტალიზმის პერიოდში ვაჭრებს ისევ გაუჩნდათ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზეგავლენის ბერკეტები. 1880 წელს თბილისში I გილდიის 49 ვაჭარ-მრეწველი და II გილდიის 1003 ვაჭარი იყო აღრიცხული.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რუსთაველის ეთიკა

ზოგიერთი ექსპერტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემას ფრიად სკეპტიკურად ეკიდება. სტატისტიკის კონსულტანტ ნოდარ კაპანაძეს კატეგორიულად არ სჯერა, რომ ბიზნესმენი მუშაკის კეთილდღეობისთვის თუნდაც ერთ თეთრს გაიმეტებს:

- ბაღმა მოსავალი რომ მისცეს, მებაღემ კარგად უნდა მოუაროს, მაგრამ მოსალოდნელი მოგება მოვლის ხარჯებს ბევრად თუ არ აღემატება, უბრალოდ გაჩეხავს. ეს არც ცუდია და არც კარგი - ეს ფაქტია. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს მხოლოდ რაღაც მასშტაბების მიღწევის შემდეგ. თონის პატრონს არანაირ სოციალურ პასუხისმგებლობა არ შეაწუხებს, სანამ მისი ბიზნესი პურ-ფუნთუშეულის კონცერნამდე არ გაიზრდება. საშუალო ბიზნესისგან კი თითქმის ნულია იმის შანსი, რომ დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს. თქვენ გჯერათ, რომ რესტორნის პატრონი ოფიციანტების პირობებზე იზრუნებს? მე - არა. გეთანხმებით: სიკეთე პერსპექტივაში ნამდვილად პრაქტიკულია, მაგრამ ამ დასკვნამდე ასი ბიზნესმენიდან შესაძლოა, ხუთიც ძლივს მივიდეს. ასეთი ხალხი «შეკვეთით» არ იზრდება - მათ ეპოქა ქმნის. ცხადია, აღზრდაზეც ბევრი რამა დამოკიდებული, მაგრამ განათლების სისტემა გადამწყვეტია, ხოლო რაც ახლა გვაქვს, განათლების კი არა, დეგრადირების სისტემაა.

ისტორიულ-მენტალური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, დასკვნამდე „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია!“ გენიალური რუსთაველი ჯერ კიდევ რვა საუკუნის წინ მივიდა. სხვა საკითხია, რომ ამ პრაგმატული თვალსაზრისით უაღრესად ღირებული განაცხადის რეალიზაცია დროში უსაშველოდ გაიწელა. დღესდღეობით კონკრეტული კომპანიები რუსთველისეული ეთიკის დამკვიდრებისკენ პირველ ნაბიჯებს შესაძლოა, ნელა, მაგრამ უკვე დგამენ. აი, რას ამბობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პრეზიდენტი კახა მაღრაძე:

- 90-იანი წლების ბოლოს აშკარა გახდა კპს-ს თაობაზე ქართული ბიზნესის ინფორმირების აუცილებლობა. საკონსულტაციო ჯგუფი GEPRA და CIDA (კავშირისამოქალაქო განვითარების სააგენტო“) ამაზე ერთად ვმუშაობდით. რაღაც მომენტში ერთიანი პლატფორმაც შევქმენით. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ინფორმირება და კსპ-ს კუთხით სტანდარტების გაუმჯობესება. ძირითადი პრიორიტეტებია: გარემოს დაცვა, შშპ-თა უფლებების რეალიზაცია და ქალთა პოზიციების გამყარება. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ვთანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, აშშ-ია განვითარების სააგენტოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი კლუბის ხუთმა წევრმა ორგანიზაციამ შეიმუშავა პროექტები კომპანიების შიგნით ქალთა პოზიციების გამყარების თემაზე. აგრეთვე ვაპირებთ შშპ შრომითი მოწყობისა და სამსახურის გარემოში ინტეგრაციის პრინციპების შემუშავებას. მიმდინარე წელს ჩავატარეთ იმ კომპანიათა დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვაში.

ბიზნეს-გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტ მიხეილ კორძახიას აზრით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის თემა, რომელსაც ბიზნესი თავის თავში აუცილებლად უნდა მოიცავდეს:

- საქართველოში ზოგიერთი კომპანია უკვე იყენებს კპს-ს მოდელებს, უბრალოდ ამის პოპულარიზაციას არ ახდენს. ზოგადად, ჯერ არც საზოგადოებაში და არც ბიზნეს-წრეებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. საჭიროა, ეს თემა შეტანილი იყოს ბიზნესის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სწავლების თუნდაც ფაკულტატიურ ნაწილში. აგრეთვე პროფესიული განათლების სისტემაში. კარგი იქნება, დონორებმა გამოყენებითი ხასიათის სასწავლებელი კომპონენტები და მოდულები წარმოადგინონ: რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორ და რა მიმართულებით უნდა იყოს იგი დანერგილი, გაიმიჯნოს, სად მთავრდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სად იწყება ქველმოქმედება, ან ბიზნეს-ინტერესები და ა.შ.

JA Georgia („ჯუნიორ ეჩივმენ საქართველო)-თან თანამშრომლობით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაშიკსპ- თემაზე სასწავლო სემინარი ჩატარდა. როგორც JA Georgia- აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ეკა გეგეშიძემ გვაცნობა, მათი ორგანიზაცია მსგავსი ტიპის სწავლებებს სხვადასხვა კომპანიებში ხშირად ატარებს. პროფესორი ეკა გეგეშიძე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ზოგიერთი შედარებით მცირე ორგანიზაციაც ჩაერთო პროცესში თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით. ასეთებია, მაგალითად, ბანკი FINCA, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციაკრისტალიდა სხვები.

ბანკის ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, სისხლისმწოვლები არიან!“ - ასეთი ფრაზა ნებისმიერ ჩვენთაგან სმენია. შიშის საფუძველი ნამდვილად იყო. ეკა გეგეშიძის განმარტებით, ბანკები წლების მანძილზე აფინანსებდნენ ისეთ ბიზნეს-პროექტებს, რომლებიც, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩაიფუშებოდნენ და ავტორის ქონებას დაისაკუთრებდნენ. რაღაც მომენტში წამყვანი ბანკები მიხვდნენ, რომ „კლიენტების დახოცვის“ პოლიტიკა პერსპექტივაში წამგებიანი იყო: კლიენტები თუ აღარ ეყოლებოდათ, აქციების ფასი ძალიან მალე დაეცემოდა. პერსპექტიული ბიზნეს-პროექტების ხელშეწყობით კი სამომავლოდ კარგ კლიენტს და მსესხებელს შეიქმნიდნენ. ბოლო წლებში მომხმარებელზე ზრუნვისა და მომავალი მომხმარებლის შექმნის საჭიროებაც იქნა გაცნობიერებული და წამყვანი ბანკები სოციალური პროექტებით დაინტერესდნენ. მაგალითად, საქართველოს ბანკის სასწავლო გრანტებით ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სწავლობენ. უკვე მეხუთე წელია, ხორციელდება შშმ პირების სპეციალური გადაადგილების საშუალებებითა და ეტლებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, აღნიშნული ბანკი 2008 წლიდან ეკოლოგიური საჭიროებებისთვის ყოველწლიურად 100 000 აშშ დოლარის მოცულობის თანხას გასცემს. თიბისი ბანკი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმწვანე სახლის“ დახმარების პროექტის ფარგლებში უნარშეზღუდულ ბავშვებს თერაპიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურება უფინანსებს. აღნიშნულ ცენტრში ყოველწლიურად 150-მდე ბავშვი მკურნალობს. ბანკი FINCA კლიენტებს სთავაზობს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, რაც მათ შემოსავლის წყაროს და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.

როგორც ჩანს, საქართველოს ბანკებმა გააცნობიერეს სოციალური პასუხისმგებლობის გონივრულობა მდგრადი განვითარების და ქონების მაქსიმიზაციის თვალსაზრისით. იმედია, ამ კურსიდან აღარ გადაუხვევენ.

საინტერესო დეტალი: Wendy’s მსოფლიოს სწრაფი კვების ძირძველი გიგანტია. მისი მეპატრონის - დეივ თომასის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს-პრინციპი იყოვაკეთოთ საქმე სამართლიანად!“ და „გავიღოთ მოწყალება!“. კომპანიის საქართველოს ფილიალშიც მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე და საზოგადოებაზე ზრუნვა თავის მოვალეობად მიაჩნიათ.

კსპ და სახელმწიფო პოლიტიკა

- კი მაგრამ, რა კავშირშია კორპორაციის ფენომენი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საარსებო მინიმუმთან, ხელფასებთან და ა.შ.? - ისევ იკითხავს მკითხველი. კავშირი, ერთი შეხედვით ირიბი, მაგრამ ძალიან სიღრმისეულია.

დღესდღეობით ტერმინი „კორპორაცია“ მხოლოდ ბიზნეს-სუბიექტების მიმართ გამოიყენება. პუბლიკაციის ავტორის აზრით, ეს მეტისმეტად ვიწრო ხედვაა. თუკი შევთანხმდით, რომ ყოველგვარი კორპორაცია საერთო მიზნის მისაღწევად შექმნილი გაერთიანებაა, მაშინ კაცობრიობის ისტორიაში პირველ კორპორაციად გვაროვნული თემების გაერთიანება - ტომი უნდა მივიჩნიოთ. მისი შექმნის მიზანი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლდათ. მოგვიანებით ისტორიული პროცესის „ღუმელში“ ტომთა გაერთიანებებისგან „გამოცხვა“ პოლიტიკური მეგაკორპორაცია - სახელმწიფო, რომლის სოციალურ პასუხისმგებლობა თუ უპასუხისმგებლობა სოციალურ პოლიტიკაში ვლინდება. დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა სოციალური სოლიდარობის მიმართულებით მეტ-ნაკლებად იმუშავეს, რაც მათი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ ქვეყნებში საარსებო მინიმუმი მინიმალურ ხელფასთანაა გაიგივებული და რეალურად საცხოვრებელი თანხაა. მაგალითად, ნორვეგიაში 2015 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 17,5 ევროს ტოლია (თვეში სამი ათას ევროზე მეტი გამოდის).

საინტერესო დეტალი: ნორვეგიის მთავრობამ 1972 წელს დააფუძნა სახელმწიფო ნავთობკომპანიასტატოილი“. ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება ყველა მოქალაქეზე თანაბრად ნაწილდება და პირად ანგარიშზე ერიცხება. ეს ფაქტი ნორვეგიის ხელისუფლების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბრწყინვალე დადასტურებაა.

ჩვენი ქვეყნის საშუალო მოქალაქეს წიაღისეული სიმდიდრეებიდან არანაირი ხეირი არ აქვს. სახელფასო პოლიტიკა კი სახელმწიფოს სოციალური უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა: მაგალითად, საჯარო დაწესებულებებში მინიმალური ხელფასი 140 ლარის ტოლია, ხოლო კერძო სექტორში ხელფასის რაოდენობა კანონით არ რეგულირდება. სიღარიბის ფორმულით“ დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი სრულ წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, რაც სოციალურ-პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გროტესკული ნიმუშია.

ადრე მენეჯმენტს ოთხი ძირითადი ფუნქცია ჰქონდა: დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი. თანამედროვე მსოფლიოში ამ ჩამონათვალს მეხუთე ფუნქცია - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დაემატა. სახელმწიფოს, როგორც უზენაესი პოლიტიკური კორპორაციის დანიშნულებაა ეფექტიანი რეალიზაციის გარემოს ორგანიზება ყველა ინსტიტუციისა და მოქალაქისთვის. ამ პროცესის მთავარ დილემას სამართლიანობის და ეფექტიანობის წინააღმდეგობა წარმოადგენს: რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ეფექტიანია, სოციალური თვალსაზრისით სამართლიანი არ არის და პირიქით. აღნიშნული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა თანამედროვეობის ერთ-ერთი გლობალური ამოცანაა.

მარქსის „კაპიტალის“ კაპიტალისტს თანამედროვე სოციალურად პასუხისმგებელ ბიზნესმენამდე ტრანსფორმაციისთვის რთული და წინააღმდეგობრივი გზის გავლა დასჭირდა. საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს ხელისუფლებას იმის გასააზრებლად, რომ სახელმწიფო მენეჯმენტის მექანიზმია, ხოლო კსპ - ამ მენეჯმენტის მეხუთე მიმართულება?! ამის გარეშე „გრენლანდიის გატანა“ და სოციალური ლანდშაფტის გაჯანსაღება კიდევ დიდხანს არ გვეღირსება.

 

მედეა გოგსაძე