საეკლესიო ვნებანი: “სასულიერო იერარქებმა უარი უნდა თქვან ჩვენი კომუნისტური სახელმწიფოს პროპაგანდისტი მსახურების როლზე”

2018-10-15 14:31:06
659

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია – პრაქტიკულად გადაწყვეტილი საქმეა. თუმცა რჩება ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინელი მორწმუნეებისა და მართლმადიდებელი იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილის სწრაფვასთან, მოსკოვის გავლენიდან საბოლოოდ გავიდნენ.

ერთი მართლმადიდებლობა - სამი ეკლესია

 

უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად პროცესის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთებულია, თუმცა ტომოსი – ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ მნიშვნელოვან საეკლესიო მოვლენებს დაასრულებდა, ჯერ არ გაცემულა. ამასთან, ჯერ თავად ერთიანი უკრაინული ეკლესიაც შესაქმნელია: ამ დროისთვის ადგილობრივი მართლმადიდებლები თავს სამ ეკლესიას მიაკუთვნებენ.

კიევის რაზუმკოვის ცენტრის მიერ 2016 წლის ბოლოს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, უკრაინელთა თითქმის 2/3-მა – 65%-მა თავი მართლმადიდებლად დაასახელა: 25,4%-მა - “უბრალოდ მართლმადიდებლად”, რომელიმე ეკლესიისთვის მიკუთვნების გარეშე; 39,5%-მა – კიევის საპატრიარქოს ეკლესიის მრევლად, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი (დენისენკო) განაგებს; 22,3%-მა – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის მრევლად, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრე ხელმძღვანელობს; კიდევ 5% კი თავს იმ ეკლესიას მიაკუთვნებს, რომელიც უკვე ამჟამად იწოდება უკრაინულ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიად, თუმცა მისი ეს სტატუსი ოფიციალურად არავის უღიარებია. მას მიტროპოლიტი მაკარი (მალეტიჩი) ხელმძღვანელობს. თუმცა საეკლესიო თემების რიცხოვნობის მიხედვით მტკიცედ ლიდერობს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თავის დროზე ამ გამოკითხვის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდა.

კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ანათემა, რომელსაც თავის დროზე პატრიარქი ფილარეტი და მიტროპოლიტი მაკარი გადასცეს, გაუქმებულია და ორივე იერარქი “კანონიკურ ველშია დაბრუნებული”. ამ გადაწყვეტილების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსოფლიო საპატრიარქომ გააუქმა ანათემა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც თავის დროზე თავად არ მიუღია, არამედ მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსთა კრებამ, რომელიც კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და “უკრაინის ავტოკეფალიას” არაკანონიკურ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

მეორეს მხრივ, კონსტანტინეპოლის ეკლესიას იმიტომაც ჰქვია მსოფლიო საპატრიარქო, რომ მისი როლი მსოფლიო მართლმადიდებლობაში განსაკუთრებულია. ამავე დროს, კათოლიციზმისგან განსხვავებით, მართლმადიდებელ ქრისტიანობას არ აქვს ერთიანი მსოფლიო ცენტრი და ყველა მართლმადიდებელი ეკლესია თანასწორია.

საკითხის ისტორია



მსოფლიო საპატრიარქომ შეწყვიტა 1686 წლის სინოდალური გზავნილის მოქმედება, რომლითაც, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით, კიევის მიტროპოლია (1589 წლიდან არსებულ) მოსკოვის საპატრიარქოს დაექვემდებარა.

რეალობაში, ეს ძალზე ჩახლართული საკითხია. ისტორიკოს კონსტანტინე ვეტოშნიკოვის მოხსენებაში (ბიზანტიური ბიბლიოთეკა, კოლეჟ დე ფრანსი, პარიზი) აღნიშნულია, რომ კიევის მიტროპოლიის გადაცემის შესახებ კონსტანტინეპოლის იმჟამინდელ პატრიარქ დიონისის მიერ ხელმოწერილი მთელი ისტორიული დოკუმენტებიდან მხოლოდ ერთი შენარჩუნდა ბერძნულ ორიგინალში, დანარჩენები კი – რუსული თარგმანების სახით. ბერძნული დოკუმენტი ამბობს: "მოსკოვის პატრიარქს შეუძლია... თანხმობით ხელდასხას კიევის მიტროპოლიტი".

"რუსულმა თარგანმა ბერძნულ ენაზე შენარჩუნებულ ერთადერთ აქტში არსებული “თანხმობა” “ნებად” თარგმნა და სავარაუდოდ, იგივე მოხდა სხვა ტექსტებთან მიმართებაშიც", – აღნიშნავს ვეტოშნიკოვი და იმჟამინდელი ტექსტების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ საუბარია მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის ნებართვაზე და არა იურისდიქციის სრულ დათმობაზე; და არ არსებობს არანაირი ხსენება მიტროპოლიტის მოსკოვის პატრიარქისადმი დაქვემდებარების შესახებ, - საუბარია მხოლოდ მის “სულიერ მამად” აღიარებაზე.

სწორედ ამიტომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ამჟამინდელი გადაწყვეტილების მომხრეები მას "ისტორიული სამართლიანობის აღდგენად” აფასებენ, რომელიც “აბათილებს მოსკოვის პატრიარქის უფლებამოსილებას, კონსტანტინეპოლს დაქვემდებარებული კიევის მიტროპოლიტი ხელდასხას, და ადასტურებს 1686 წლის საზღვრებში კიევის მიტროპოლიის კანონიკურ დაქვემდებარებას მხოლოდ მსოფლიო და არა მოსკოვის პატრარქისადმი".

რა მდგომარეობაა სადღეისოდ

 

  • მიიღო თუ არა უკრაინულმა ეკლესიამ ტომოსი?

არა. მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა დაწყებულია, და მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პროცედურის ნაწილს წარმოადგენს.

  • კიდევ რა არის საჭირო?

უკრაინის სამი მართლმადიდებლი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ერთობლივი კრება უნდა მოიწვიონ, რომელზეც გაერთიანების გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ვარაუდობენ, რომ თუ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და “უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია” ერთიანი უკრაინული ეკლესიის ჩამოყალიბებას პრაქტიკულად ერთხმად დაუჭერენ მხარს, მოსკოვის საპატრიაქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უმცირესობა მიემხრობა. მრევლის საბოლოო პოზიციის პროგნოზირება კი ჯერ რთულია.

  • რა ბედი ელის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, რომელიც ერთიან ეკლესიასთან მიერთებას არ ისურვებს?

როგორც პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, მოსკოვს დაქვემდებარებული საკლესიო სტრუქტურები უკრაინაში დარჩეას შეძლებენ:

"ჩვენი ავტოკეფალია არ ნიშნავს, რომ აქ რუსული ეკლესია ვერ იარსებებს. უბრალოდ მას უკრაინული ვეღარ ეწოდება".

  • რა ბედი ელის საეკლესიო ქონებას?

უკრაინული მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებიკიევში არსებული კიევ-პეჩერის ლავრა და ტერნოპოლის ოლქში მდებარე პოჩაევის ლავრა სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს ორივე 50-წლიანი იჯარით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულების გადახედვის გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის კომპეტენციაშია.

ხელისუფლება ჯერ-ჯერობით მორწმუნეებს ამშვიდებს: კულტურის მინისტრ ევგენი ნიშჩუკის განცხადებით, "სანერვიულო არაფერია, ყველაფერი მშვიდად და კარგად იქნებაო". კიევის საპატრიარქოს საინფორმაციო სამმართველოს ხელმძღვანელი ევსტრატი ზორია ასევე ირწმუნება, რომ "საკითხი გადაწყდება მშვიდად, თავისუფლად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე – რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამასო".

პოზიციები



დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი:

ეს რწმენისგან, ქრისტიანობისგან განდგომაა. ჩემთვის კონსტანტინეპოლის ყოფილი საპატრიარქოეს ეკლესია აღარაა, უკვე მორიგი არაკანონიკური ორგანიზაციაა, რადგან დედა ეკლესიის ნების არარსებობის პირობებში აღიარა ორი არაკანონიკური ორგანო, რომელიც, როგორც ახლა ფანარზე [სტამბოლი-კონსტანტინეპოლის რაიონი, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაა განლაგებული] ირწმუნებიან, კანონიკური გახდა. შევიდა რა ე.წ. საეკლესიო ურთიერთობაში ამ ადამიანებთან, ის თავად იქცა არაკანონიკურ ორგანიზაციად. იმედი მაქვს, ჩვენი ეკლესია, სინოდი მოახდენს იმის კონსტატაციას, რომ ჩვენ ურთიერთობას ვწყვეტთ არაკანონიკურად ქცეულ კონსტანტინეპოლის ყოფილ საპატრიარქოსთან. ყველაზე კარგი კი მისი ანათემისთვის გადაცემა იქნებოდა. ეს ადამიანები ამიერიდან ქრისტიანები აღარ არიან.

დეკანოზი გიორგი ედელშტეინი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი:

ეს ჩემი საქმე არ არის, ეს უკრაინაში მცხოვრები ქრისტიანების საქმეა. თუ მათ ავტოკეფალური ეკლესიის წევრობა სურთ, იყვნენ. არა მგონია, მოსკოვის საპატრიარქომ უნდა გადაჭრას ეს პრობლემები, ეს საკითხები. ჩვენ გვყავდა, გვყავს და, ვშიშობ, კიდევ დიდხანს გვეყოლება პატრიარქი და წმინდა სინოდი, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს კომუნისტურ სახელმწიფოს, რომელსაც რატომღაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია. უპირველესად, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა გახდეს, გაოვიდეს კომუნისტური აგიტაციისა და პროპაგანდის დეპარტამენტის როლიდან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ბუნებრივია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაა. ვფიქრობ, კომუნისტური სახელმწიფო რომ არ გვქონდეს, როგორიც დღემდე გვაქვს, ჩვენი იერარქები რომ თავისუფლები იყვნენ, ეს პრობლემა არც შეიქმნებოდა. თუმცა გავიმეორებ, რაც თავში ვთქვი: ეს ჩემი საქმე არ არის. თუ უკრაინელ მორწმუნეებს ავტოკეფალია სურთ, უნდა ჰქონდეთ.

დეკანოზი ვლადიმირ ვიგილიანსი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა დიდმოწამე ტატიანას სახელობის ეკლესიის წინამძღოლი, წარსულში – მოსკოვის პატრიარქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი:

რა არის თაღლითობა? ეს არის სხვისი ქონების დაუფლება ნდობის ბოროტად გაოყენებით. ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით პატრიარქ ბართლომეს პრეზიდენტმა პოროშენკომ, უკრაინის რადამ და არაღიარებულმა ეკლესიებმა მიმართეს. რა გააწყვეტილება იქნა მიღებული? - მათ უკრაინის ყველა ტაძარი მიიწერეს, საკუთრივ ავტოკეფალიის შესახებ კი თქვეს, ეს - სამომავლოდო. ამგვარად, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა, რადგან არანაირი ერთიანი უკრაინული ეკლესია არ არსებობს (რასაც პოროშენკო ელოდა), ამის ნაცვლად მოხდა ის, რომ ტაძრები ახლა სტავროპიგიალურია, ანუ პატრიარქ ბართლომეს ეკუთვნის. თაღლითობის გარდა, ამას სხვა ვერაფერს ვუწოდებ. მათთან არ შეთანხმებულა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია. როგორც რჩებოდნენ იქ ტაძრებში, ასევე გაგრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, ამ ტაძრების სისხლიანი დაპყრობა არ იქნება. თუმცა რომც იყოს, მათ არა უკრაინისთვის, არამედ სტამბოლისთვის დაიპყრობენ. აი, ასე ვაფასებ.

რელიგიური კვლევების ქსელურ რესურს "რელიგიოპოლისის" ხელმძღვანელი მიხეილ სიტნიკოვი:

შევაფასებდი, როგორც გადაწყვეტილებას სინოდისა, რომელიც უფლებამოსილია, მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. ხოლო ხმაური რუსეთში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიასთან დაახლოებული ფუნქციონერების აღშფოთება გამოწვეულია ალბათ, მნიშვნელოვანი მარცხით, თანაც საგარეო პოლიტიკურით, რადგან თავის დროზე რუსული ეკლესიის დაჟინებული წინნააღმდეგობა უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისადმი არანაირ კავშირში არაა რწმენასთან და მორწმუნეებზე ზრუნვასთან. მიზეზები რეალურად, პოლიტიკურია: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაეს მეზობელ სახელმწიფოში რუსეთის სერიოზული დასაყრდენი იყო და მოსკოვის საპატრიარქოს მრევლის ლამის 1/3. ამდენად, ეს დიდი დანაკარგია. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი ისეა, როგორც მოსალოდნელიც იყო.