“სრული გაზიფიკაცია” - სრული კონტროლის სანაცვლოდ

2018-09-12 15:05:40
470

რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მმართველებმა “რესპუბლიკის” სრული გაზიფიკაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები შეათანხმეს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. უახლოეს დღეებში კი, კერძოდ 14 სექტემბერს რუსული და ოსური სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომაა დაგეგმილი. თუმცა ცხინვალში რუსული პროექტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რიგი კითხვები გაჩნდა.

4 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიცირებისთვის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან “ღია სააქციო საზოგადოება “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის” აქციების ყიდვა-გაყიდვისა და შემდგომი საქმიანობის წესის შესახებ» შეთანხმების პროექტი წარუდგინა.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 14 სექტემბრისთვის დაგეგმილია რუსული და ოსური სამუშაო ჯგუფების პირველი სხდომა, რომლის მონაწილეები ერთობლივ სამოქმედო გეგმას განსაზღვრავენ, მათ შორის ტექნიკურ დოკუმენტაციას მოამზადებენ, ასევე საწარმო “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის” ფინანსური და სამეურნეო საქმიანობისთვის სტაბილური პირობების შესაქმნელად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

სრული გაზიფიცირების” პირობები: 100%-იანი კონტროლი – 1 რუბლად

 

ოკუპირებული რეგიონის სრულ გაზიფიცირებისთვის «გაზპრომი» ერთობლივ საწარმო “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთში” ოსური მხარის წილს – 25%-ს მინუს ერთ აქციას სიმბოლურ ფასად – 1 რუბლად გამოისყიდის, რაც მას აღნიშნულ საწარმოში საკუთარი წილის 100%-მდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

 

ერთობლივი საწარმოს მთავარი აქტივი გაზსადენი ძუარიკაუ-ცხინვალია (ოსური სახელწოდება), რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩაუშვეს. მილსადენს წელიწადში 252,5 მლნ კუბური მეტრი აირის გატარება შეუძლია, რაც თითქმის 7,5-ჯერ აჭარბებს ოკუპირებული რეგიონის მოთხოვნას, მის ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო ბაზის მიერ მოხმარებული აირის ჩათვლით.

 

ამასთან, მილსადენის დატვირთვა ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან გასული 9-ვე წლის განმავლობაში 15%-ს არ აღემატებოდა. ეს აშკარად არ იძლევა იმ იმედის საფუძველს, რომ გაზსადენი მის გაყვანაზე გაწეულ ხარჯებს ოდესმე მაინც დაფარავს. არადა, «გაზპრომს» ეს აქციები, სხვადასხვა გათვლით, 2-2,5 მლრდ რუბლი დაუჯდება.


რას მოუტანს რუსული პროექტი ცხინვალელებს, გაზის დაანონსებული გაძვირების გარდა

 

სწორედ 2-2,5 მლრდ რუბლი დაჯდება, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის 200 სოფლის გაზიფიცირება. არადა, ამ სოფლების უმრავლესობა მთისაა - სხვადასხვა ხეობებშია მიმოფანტული, ბევრი მათგანი საერთოდ დაცლილია, სხვებში კი თითო-ოროლა კომლია შემორჩენილი...

პროექტის მესვეურთა არგუმენტი, “გაზის გაყვანით მთაში ცხოვრება გაიოლდება, მთიელები დაბრუნდებიან და სოფლის მეურნეობით დაკავდებიანო”, ბევრ ადგილობრივში დიდ ეჭვს იწვევს: “ვისაც დაბრუნება სურდა, სოფლებში ომის შემდეგ დაბრუნდა და მათ ახალი აღარავინ შეემატებაო”.

ცხადია, მთებში გაზის ქაჩვა რამდენიმე სახლის გასათბობად – ეს ძვირი სიამოვნებაა. და გაზპრომმაც» უკვე დააანონსა, რომ პროექტის რეალიზების შემდეგ “ცისფერი საწვავი” რეგიონში გაძვირდება.

ამჟამად ცხინვალში 1 კუბური მეტრი გაზი 4 რუბლი და 27 კაპიკი ღირს, ჩრდილოეთ ოსეთში – გაცილებით მეტი, კერძოდ, 5 რუბლი და 47 თეთრი. ზოგიერთი ადგილობრივი და რუსი ექსპერტის აზრით, პროექტის რეალიზების შემდეგ ბუნებრივი აირის ფასი ჩრდილოეთ ოსეთისასაც კი გადააჭარბებს.

ისმის კითხვა: ვინ გადაიხდის გაზრდილ საფასურს, თუ არა ცხინვალელები? სხვა ხომ ფიზიკურად აღარავინაა!

სრული გაზიფიცირების სასარგებლოდ არგუმენტი ამასწინათ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალან ჯუსოევმა გააჟღერა: პროექტის რეალიზების შედეგად ცხინვალის რეგიონში ტყის ჩეხვა 80%-ით შემცირდებაო. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ გაზი მართლაც გაუძვირეს, მის საფასურს უმრავლესობა უბრალოდ ვერ დაფარავს და ისევ ხის ჭრა მოუწევს.

ამგვარად, მართალია, დაანონსებული “სრული გაზიფიცირება” საბჭოურად დამაიმედებლად ჟღერს, თუმცა ადგილობრივებში განსაკუთრებული იმედები ჯერ ვერ ჩასახა.


მთავარი “პლიუსი” - ხელის მოთბობის საშუალება “გაზპრომისთვის”, ბიბილოვისა და ოსური ელიტისთვის

 

Эхо Кавказа”-ს ადგილობრივ მიმომხილველ მურატ გუკემუხოვ ეს პროექტი “ტრანსკამის” რეკონსტრუქციას აგონებს, რომელიც ამჟამად დიდი დანახარჯებით, უმაღლეს დონეზე ტარდება:

ეს აშკარად არ არის გზა, რომელიც მცირე – 50 000-იანი მოსახლეობის მქონე რესპუბლიკასთან კავშირისთვისაა გამიზნული და ბევრად უფრო ჰგავს საერთაშორისო ტრანზიტისთვის გათვლილ პროექტს" (https://www.ekhokavkaza.com/a/29484448.html).

მისივე აზრით, რეალურად, მთავარი არგუმენტი პროექტის მესვეურთათვის სულ სხვაა – ხელის მოთბობა და გავლენის შენარჩუნება:

ამ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რუსული პროექტის მთავარი ასპექტი – ეს რესურსების ათვისება და სარგებლის შოვნის შესაძლებლობაა, თანაც არა მარტო “გაზპრომისთვის”. ჩასატარებელი სამუშაოების ნაწილი რესპუბლიკას დაეთმობა და, როგორც ჩანს, მას პრეზიდენტი გაუწევს კურირებას, ეს კი უკვე პოლიტიკური რესურსია ანატოლი ბიბილოვისთვის, თანაც ძალზე მნიშვნელოვანი, თუ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას გავითვალისწინებთ. რუსეთისთვის კი ეს არის კარგი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს გავლენა ოსურ ელიტებზე, რომლებიც რესპუბლიკის გაზიფიცირებაზე სიამოვნებით მოითბობენ ხელს”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება