წყალი "ბაკურიანის" კამპანია სექსისტური წარწერით დაიწყო

2018-07-11 18:16:48
10777

"გუდვილის" ქსელში პროდუქტი წყალი „ბაკურიანი“ ახალი სათამაშო ბოთლებით გამოჩნდა. ბოთლების ეტიკეტის შეფუთვა “უოლტ დისნეის” გმირებითაა გაფორმებული. კერძოდ, შეგხვდებათ ელზა, ანა და ოლაფი დისნეის Frozen-დან და რკინის კაცი, ჰალკი და თორი მარველის Avengers-დან.

კომპანიამ მისი ახალი პროდუქციის გაყიდვა სექსისტური წარწერებით დაიწყო: მათ ბოთლების ნაწილი გამოყვეს წარწერით "სათამაშო ბიჭებისთვის", ნაწილი კი – "სათამაშო გოგოებისთვის". აღნიშნულს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მწვავე კრიტიკით შეხვდა. მათთვის გენდერული ნიშნით დაყოფის მოტივი გაუგებარია. 

ჰიპერმარკეტ "გუდვილში" კი აცხადებენ, გენდერული ნიშნით დახარისხება მათ მიერ არ მომხდარა.

"ეს არის ბაკურიანის სიახლე და სახელიც მათი შერჩეულია" – ამბობენ კომპანიაში. 

რაც შეეხება წყალი "ბაკურიანის" მენეჯმენტს, მოტივად პროტუქტების მარტივად დაყოფა დაასახელეს:  

"ჩვენი მიზანი იყო მარტივად დაგვეყო სხვადასხვა ტიპის პროდუქტები და ამისათვის გამოვიყენეთ საერთაშორისო, სტანდარტული მიდგომა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთები მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ასეთ კლასიფიკაციას იყენებს. რაც შეეხება თავად დაყოფის საჭიროებას, ეს სამუშაო კალსიფიკაციაა, რომელიც გავძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მარაგები და დროულად მოვახდინოთ სწორი პროდუქციის შევსება. ასევე, ყოველ ჯერზე ხელახალი რეგისტრაციის გარეშე ვცვალოთ გმირები. მოგეხსენებათ, დისნეის ხაზი მზარდია და მუდმივად განახლდება პორტფელი ახალი გმირებით".