რატომ არ მოსწონს თამარ მეარაყიშვილი არც ცხინვალს, არც თბილისს

2018-06-21 18:25:15
1206

3 ბრალდება მაქვს ოფიციალურად წაყენებული. სამივე სისხლის სამართლის საქმეებია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 წელი თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. დღეს პროკურატურამ მე ბრალდებულად და 4 ადამიანი დაზარალებულად გამოგვაცხადა. ამ ადამიანებიდან არც ერთის გვარი არ მიხსენებია არსად, თუმცა ისინი თვლიან და პროკურატურა ემხრობა, რომ მე სწორედ მათ ვგულისხმობდი. რა ვთქვა, წინ დიდი ბრძოლა მელის. აი, ასეთ ადამიანებს უნდა ვუმტკიცო, რომ არ ვარ აქლემი და პარალელურად, ფაქტობრივად, ტყვეობაში მყოფმა, უნდა ვიზრუნო ადვოკატზე, გზის ხარჯებზე, საჭმელზე, სასმელზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, მედიკამენტზე... და პარალელურად შევინარჩუნო მხნეობა, მინიმუმ, ამ სივრცეში მაინც, სახლშიც - ამაზე ხომ ჩემი მშობლების ოპტიმიზმია დამოკიდებული... დავამატებ: ჩემზე არავინ ზრუნავს და ფიქრობს, ვისაც ამის ვალდებულება აკისრია და გადავწყვიტე, დღეიდან აქ ვიბოდიშო -#ბოდიშიჯერკიდევრომცოცხალივარ- ეს ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მორიგი “პოსტია”.

თამარმა, რომელსაც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრთა მიმართ ცილისწამებასა და ქართული პასპორტის ფლობას ედავებიან, რაიონულ დე ფაქტო პროკურატურაში მორიგი ვიზიტი დღეს დილით განახორციელა. რამდენიმე დღის წინ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მანამდე კი იყო თითქმის 10-თვიანი პაუზა, რომლის განმავლობაშიც მეარაყიშვილს ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა ეკრძალებოდა. ასეა დღესაც. კორუფციის მფაქტების მხილების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული, ფაქტბრივად, ტყვეობაში აღმოჩენილი ქალბატონი ვლადიკავკაზიდან ჩამავალი ადვოკატისა და სხვა თანმდევ ხარჯებს ამ დრომდე ნაცნობი და უცნობი ადამიანების დახმარების წყალობით ართმევდა თავს, თუმცა ეს რესურსი, მოგეხსენებათ, არც სტაბილურია და არც ულევი.

ეალურად კი, მისი დევნის მიზეზი ადგილზე არსებული კორუფციისა და დე ფაქტო მმართველობის სხვა მანკიერი მხარეების წარმოჩენაა, რასაც ქალბატონი რიგ ქართულ მედიასაშუალებებთან, უმთავრესად კი რადიო “თავისუფლების” პროექტ “Эхо Кавказа”-სთან თანამშრომლობით ახერხებს – ადგილობრივი მედია ხომ ერთიანად მართულია:

 

 

ახლა, როცა ბრალდებები ოფიციალურად აქვს წაყენებული, ოსურ მედიაში თამარიდევნის კამპანია გააქტიურდა – როგორც ჩანს, ფონს ამზადებენ. ოსმა ჟურნალისტმა ფატიმა გაგლოევამ ამ დღეებში მის შესახებ სტატია მგელი ცხვრის ტყავში თუ რიგითი აქტივისტი ლენინგორიდან?” გამოაქვეყნა, რომელშიც, კერძოდ, წერს:

[...] ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასეთი ხალხია საჭირო დამოუკიდებელი და წარმატებული სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებისათვის. […] თუმცა საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტის მიმართ საეჭვოდ თბილი გრძნობები აქვს. რატომ გამოთქვამს ქართველი მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა პოლიტიკოსები თუ ჩინოსნები სერიოზულ შეშფოთებას მეარაყიშვილზე ზეწოლის გამოსამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კანონთან უმნიშვნელო პრობლემების შექმნის შემთხვევაშიც კი ქ-ნი თამარის დაცვაში აქტიურად ერთვებიან ქართველი “ადვოკატები” მედიის სახითაც. […] ხოლო თუ აგრესორის [საქართველოს] წარმომადგენლები ვინმეს დახმარებას ცდილობენ, ესე იგი, ეს ადამიანი მათთანაა დაკავშირებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პირობებით. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზითაა მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იმ მცირერიცხოვან მცხოვრებთა შორის, თუ არა ერთადერთი, ვისაც ხელთ აქვს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტები, მაშინ, როცა ორმაგი მოქალაქეობა ჩვენთან მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთანაა დაშვებული. ვინ არის ეს ქალი: გულანთებული აქტივისტი და პატრიოტი, რომელიც საქართველოს “სამართლიან” ხელისუფლებას შემთხვევით მოუვიდა თვალში, თუ დამსმენი, რომელიც აგრესორზე ფარულად მუშაობს? რამდენიმე დღის წინ ქართულმა სასამართლომ დაუწრებლად შეუფარდა პატიმრობა ორ ოს ძალოვანს, რომელთაც არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და წამებაში ადანაშაულებენ. რეალურად, ის იზოლატორში გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რის შესახებაც დონის როსტოვში ჩატარებული ექპერტიზის შედეგები მეტყველებს. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ოსი ძალოვანების ბედში მეარაყიშვილს არცთუ უკანასკნელი წვლილი მიუძღვის. […] ლენინგორის [ახალგორის] რაიონი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი პროქართული განწყობებით. და აქ დაბადებული ქ-ნი მეარაყიშვილი საერთო წესიდან გამონაკლისად არ იქცა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, იგი დაუღალავად აგრძელებს “საკუთარ კარში” თამაშს. […] მგლური პროქართული არსი ყოველდღიურად სულ უფრო მეტად მჟღავნდება და ცხვრის პატარა ტყავი ჭეშმარიტი ზრახვების დასაფარად უკვე კატასტროფულად არასაკმარისია”.

ამ სტატიის სრულ ვერსიაში, ძალზე საეჭვო, ხშირად კი გულახდილად ალოგიკური თეზისების გარდა, მთელ რიგ ტყუილებსაც ვაწყდებით, რომელთა შორისაა, სამწუხაროდ, მტკიცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მეარაყიშვილის პრობლემებზე სწრაფი, სისტემატიური და ეფექტური რეაგირების შესახებ.

აქცენტის” ინფორმაციით, გარკვეული დროის წინ საქართველოს ხლისუფლება თამარს ფუნანსურად მართლაც უწევდა გარკვეულ დახმარებას, თუმცა ეს დრო დასრულდა და ახლა იგი თბილისს როგორც ფინანსური, ისე ყველა სხვა კუთხით, შეიძლება, ითქვას, ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული. ეს – მაშინ, როცა თამარზე, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირზე ზრუნვა ხელისუფლების პირდაპირი ვალია!

ოლო პერიოდში უყურადღებობის გამო თბილისის მიმართ წყენა ღიად დააფიქსირა თავად თამარმაც. ეს მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ბოლო “პოსტებიდანაც” ჩანს (http://accent.com.ge/ge/news/details/54957).

მისი პრობლემების იგნორირების ფაქტის მომსწრეა “აქცენტიც”: გიორგი კვირიკაშვილის პერიოერობის პერიოდში სააგენტომ არაერთგზის მიმართ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას თხოვნით, თამარის ქალიშვილს შეჰხვედროდნენ, თუმცა ყველა ეს მიმართვა, მიღებული დაპირებების მიუხედავად, დღემდე უშედეგოა.

რაში მდგომარეობს მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი, - ამის გნსჯა მკითხველისთვის მიგვინდია. ვისოცკი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ, თამარის შემთხვევაზეც იტყოდა "ясновидцев, впрочем как и очевидцев, во все века сжигали люди на кострах" - ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლე არავის აწყობსო...

არ ვიცით, რამდენად შეცვლის ამ კუთხით მდგომარეობას პრემიერის ამჟამინდელი შეცვლა. თუმცა ამის იმედი ნაკლებად გვაქვს, ვინაიდან ანალოგიური დამოკიდებულება ვლინდებოდა სხვა მაღალჩინოსნების მხრიდანაც. და მეტიც, პირად საუბარში ზოგიერთმა მათგანმა აქეთ გამოთქვა თამარის მიმართ უკმაყოფილება - “ზედმეტს ითხოვს, ზედმეტი მოსდის, მშვენივრად არის უზრუნველყოფილი და ახლა რაღა უნდაო?”...

არის რიგი სხვა ფაქტებიც, რომელთა შესახებ საუბრისგან და ჩინოსნების ვინაობების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკვებთ – იმ იმედით, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში თბილისი თამარსა და მის გასაჭირს სათანადო ყურადღებას მიაქცევს.

ყველა შემთხვევაში, ოსი ჟურნალისტის მტკიცება მეარაყიშვილის მიმართ საქათველოს ხელისუფლების დიდი სითბოსა და სიყვარულის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი გაზვიადებაა, ხოლო მისი დადანაშაულება ცენტრალური ხელისუფლების “აგენტობაში” - უბრალოდ სასაცილო!

სხვათა შორის, თამარი ერთადერთი არ არის, ვის მიმართაც ოფიციალური თბილისის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ვლინდება: უყურადღებოდ არის (ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ასე იყო) მიტოვებული ოსი ძალოვანების მიერ მოკლული დავით ბაშარულის ოჯახი, რომელსაც თავის დროზე დათო ინახავდა; გადაუჭრელი რჩება ახალგორის საავადმყოფოს პრობლემა – თბილისიდან გამოყოფილი დაფინანსება იქაურ მედიკოსებამდე კვლავინდებურად ვერ აღწევს. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

თამარს და ყველა იმ ადამიანს როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, რომელმაც ოკუპაციის შემდეგაც არ მიატოვა მშობლიური ადგილები, მშობლიური სახლი და ყოველდღიურ რეჟიმში ზეწოლის, სიდუხჭირისა და სრული დაუცველობის პირობებში მედგრად აგრძელებს ცხოვრებას, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებთ, საქართველოს ხელისუფლებისგან კი ველით პირდაპირი ვალდებულების შესრულებას – გასაჭირში მყოფ სამშობლოს გმირებს მათ სიცოცხლეში მიხედოს!

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”