აქციები ერევანში: შეტაკებებისას 50–მდე ადამიანი დაშავდა

2018-04-16 19:27:28
598

 

ერევანში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.დაშავებულებმა ძირითადად ქვედა კიდურების დაზიანება მიიღეს. მათი ნაწილი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. დაშავებულებს შორის 6 პოლიციელიც არის.

ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. მისი კანდიდატურა წარადგინეს სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფარქციებმა.

სომხეთის პარლამენტში კენჭისყრა 17 აპრილს გაიმართება. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.