ოსური პარლამენტის სპიკერის მხილება: როგორ იმუშავო ერთდროულად სოროსზეც და რუსულ ФСБ-ზეც

2018-04-16 13:10:58
1141

გასული კვირის ბოლოს ცხინვალის რეგიონში სერიოზული სკანდალი აგორდა: ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ოსური პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე პეტრე გასიევი დასავლეთთან თანამშრომლობაში ამხილა, კერძოდ, განაცხადა, რომ მისი „პრეზიდენტობის“ დროს გასიევი სოროსის ფონდის ადგილობრივ ფილიალს ხელმძღვანელობდა.   

გასიევს ამასთან დაკავშირებით საჯაროდ თავის მართლება მოუწია. ოსური პარლამენტის თავმჯდომარემ ამისთვის ორიგინალური ხერხი აირჩია. მან, კერძოდ, აღიარა, რომ სოროსის ფონდს მართლაც ხელმძღვანელობდა, თუმცა განაცხადა, რომ იმ დროს რუსეთის КГБ–ФСБ–ს დავალებით მოქმედებდა და საკუთარი საქმიანობის შესახებ სისტემატიურად აბარებდა ანგარიშს ედუარდ კოკოითს:

"არავისთვის  არის საიდუმლო, რომ სამხრეთ ოსეთის КГБ უფროსად ან მის პირველ მოადგილედ მაინც ყოველთვის რუსეთის ФСБწარმომადგენელი ინიშნება. მითხარით, სოროსის ფონდის აგენტი ოსური პარლამენტის თავმჯდომარედ ისე როგორ დაინიშნა, რომ ეს ვერავინ შეამჩნია?".

როგორც გასიევმა ამ სკანდალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ მისი აგენტურული საქმიანობის შედეგად ჩავარდა სოროსის ფონდის მთელი ოპერაცია ცხინვალის რეგიონში, რის გამოც მან შესაბამისი ორგანოებისგან მადლობაც დაიმსახურა:

„ეს რომ არა, სახელმწიფოში მეხუთე კოლონის აქტიურობის შედეგად თავისუფლად შეიძლებოდა, რევოლუცია მომხდარიყო... ჯერ კიდევ იმ დროს КГБ–მ ძალიან ნათლად განსაზღვრა ამოცანა – ეს არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო და გამოვიდა შემდეგი: როგორც ცნობილია, თუ რევოლუციის თავიდან აცილება არ შეგიძლია, თავად უნდა ჩაუდგე მას სათავეში. სწორედ ეს მოხდა ჩვენთანაც: ყველა ის თანხა, რომელიც ჩვენы რესპუბლიკაში მეხუთე კოლონის შექმნისთვის, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, მრგვალი მაგიდებისთვის, ქართველ ახალგაზრდობასთან შეხვედრებისთვის იყო გამოყოფილი, რეალურად საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და სხვა სოციალური ღონისძიებებისთვის დაიხარჯა“.

ამასთან, გასიევის მტკიცებით, საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მას გორში შეხვდა და 980 000 დოლარი შესთავაზა იმაში, რომ მას 9 ავტორიტეტული ოსი ახალგაზრდა შეერჩია საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე დასანიშნად. თავად გასიევს კი, მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი შსს– დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეობას სთავაზობდა.

ისინი [ქართველები] მზად იყვნენ, ყველგან აქაური ბიჭები დაესვათ. საბოლოო ჯამში, მათი გათვლით, მოხდებოდა ჩვეულებრივი ინტეგრაცია და ჩვენ უმტკივნეულოდ ვიქცეოდით საქართველოს ნაწილად“,– განმარტა ოსური პარლამენტის თავმჯდომარემ.

გასიევის თავის მართლებამ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმრავლესობამ მის განცხადებებს ეჭვის თვალით შეხედა. მათ შორისაა ოსი ბლოგერი ალან პარასტაევი (https://www.ekhokavkaza.com/a/29166420.html). იგი იმ საინიციატივო ჯგუფში შედიოდა, რომელმაც გადაწყვიტა, ცხინვალის რეგიონში სოროსის ფონდის მუშაობის სრული გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით მისი ოფიციალური წარმომადგენლობა ჩამოეყალიბებინა. პარასტაევი იხსენებს, რომ ამის ერთ–ერთი ინიციატორი პეტრე გასიევიც იყო. ფონდმა „ღია საზოგადოება  – სამხრეთ ოსეთი“ ცხინვალის რეგიონში 2001 წელს დაიწყო მოღვაწეობა. მისი აღმასრულებელი საბჭო თანხმობას იძლეოდა ან ბლოკავდა წარდგენილი პროექტების დაფინანსებას, თავად პროექტების ჩამონათვალი კი ადგილობრივ მედიაშიც ქვეყნდებოდა.

როგორც პარასტაევი ირწმუნება, მუშაობის ესოდენ ღია ფორმა ყოველგვარ საიდუმლოებას გამორიცხავდა, ამდენად გაუგებარია, რის შესახებ შეიძლებოდა, მიეწოდებინა პეტრე გასიევს, როგორც აგენტს, ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურებისა და კოკოითისთვის:

"მსგავსი ორგანიზაციების მუშაობის სრულიად ღია ფორმა თავისთავად გამორიცხავს რაიმეს დაფარვის შესაძლებლობას. თუ ფონდი გამჭვირვალედ მუშაობს, ყველა ისედაც ხედავს, ამზადებს ის მეხუთე კოლონას თუ არა. ამდენად, არ მესმის, რის შესახებ შეიძლებოდა, მოეხსენებინა ვინმესთვის გასიევს. შესაძლოა, ის ამას მართლაც აკეთებდა, მაგრამ რატომ არის ამისათვის აუცილებელი, იყო ვინმეს აგენტი? ეს შეიძლებოდა, გაეკეთებინა, უბრალოდ როგორც პატრიოტს... არ ვიცი, შესაძლოა, ეს ერთგვარი პიარია და გასიევს ეჩვენება, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოების თვალში უკეთესად გამოჩნდება, მაგრამ მე ასე არ ვთვლი“.      

არიან ისეთებიც, ვისაც გასიევის განცხადებების სჯერა. მათ შორისაა ოსი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი თემურ ცხურბატიც (https://www.ekhokavkaza.com/a/29167662.html):

„ვფიქრობ, ის [გასიევი] არ იტყუება, როცა ამბობს, რომ КГБ–ს აგენტი იყო. მჯერა იმისიც, რომ ოქრუაშვილმა მას თავის დროზე მსგავსი წინადადებით მიმართა“.

როგორც ცხურბატი აღნიშნავს, მსგავსი წინადადება ქართული მხარისაგან თავის დროზე, როცა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, მასაც მიუღია, თუმცა გასიევთან შედარებით, ბევრად ნაკლებ თანხას სთავაზობდნენ.

ამასთან, ოს საზოგადო მოღვაწეს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად სანდოა ამ ყველაფრის შემდეგ გასიევი დღეს:

„პირადად ჩემთვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში ძალზე უსიამოვნოა ერთი ასპექტი. არსებობს ასეთი გამოთქმა: "ყოფილი აგენტები არ არსებობენო“. გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტს დღეს რუსეთის КГБ–ს (ФСБ–ს) აგენტი ხელმძღვანელობს? რუსეთი, უდავოდ, ჩვენი ძირითადი პარტნიორი და მოკავშირეა, – ამაზე არავის დავობს, თუმცა რუსეთის ინტერესები, ФСБ–ს ინტერესები შესაძლოა, ოსი ხალხის ინტერესებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს. ეს უნდა გავითვალისწინოთ“.

ბევრი ოკუპირებულ რეგიონში ამ ისტორიის კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: გასიევმა ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ სოროსის ფონდი – „აგენტურულ–ჯაშუშური ორგანიზაცია“ – ოს ახალგაზრდებს იბირებდა, რევოლუციას ამზადებდა და ა.შ. თავად გასიევმა თავი იმართლა – "КГБ–ს დავალებას ვასრულებდიო“, თუმცა არაფერი თქმულა სოროსის ფონდის ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლების შესახებ – იყვნენ თუ არა ისინიც რუსული სპეცსამსახურების აგენტები? გამოდის, რომ გასიევმა საკუთარი თავიდან მათზე გადაიტანა დარტყმა.

ადამიანისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონში არ ცხოვრობს, მთელი ეს ისტორია შესაძლოა, აბსურდულად და სასაცილოდაც კი ჟღერდეს. თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს საკმაოდ სერიოზული თემაა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვეს.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“