49 წლიანი იჯარით გასხვისებული ფილარმონია და ათასობით ლარის დავალიანება: რა კავშირი აქვს მინისტრს პროცესებთან

2018-03-13 16:27:37
1716

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გასულ 2016-2017 წლებში გამოაქვეყნა კვლევები, რომლებიც ეხებოდა, სახელმწიფოსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთს შორის" 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს. კვლევების მიხედვით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკის შესაძლოა, დღემდე აქტიური კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ კომპანიასთან.

2018 წლის თებერვალში საიამ მიიღო განახლებული ინფორმაცია კომპანიის არსებული დავალიანების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს 950,140 ლარს, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო  – 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას მიეცა ვადა 2018 წლის 3 მარტამდე დავალიანების გადასახდელად, თუმცა, მათივე ინფორმაციით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთმა" აღნიშნული ვადაც დაარღვია და დღემდე არაფერი გადაუხდია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ცალმხრივად შეწყვიტოს შპს "ინტერნეიშენალ ივენთსთან" დადებული ხელშეკრულება.