“ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოში კინკლაობა დამთავრდება... მე არ ვოცნებობ, მიყვარს საქმე და კარგი შედეგი“

2015-10-20 12:13:06
3045

ინტერვიუ საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი დავითაიასთან

- პირველ რიგში რომ გვითხრათ, რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა? როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მოგცეთ  ხმა ამომრჩეველმა? რას ეტყვით ამომრჩეველს?

-მე კარგად ვიცნობ საგარეჯოს რაიონს, მყავს ბევრი ნათესავი და ბავშვობის მეგობრები...ვიცი მათი პრობლემები...ახლა, როდესაც ბიზნეს–სტრუქტურებში უკვე 20 წელზე მეტია, ვმუშაობ, დავაგროვე სათანადო გამოცდილება და მაქვს კარგი კავშირები. მინდა, ყოველივე ეს გამოვიყენო ჩემი საყვარელი რაიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებისთვის...

- რაც შეეხება თქვენს კონკურენტებს, როგორ შეაფასებდით მათ შესაძლებლობებს და თქვენი აზრით, რომელ თქვენგანს აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი?

– ჩემი კონკურენტების მხარეზეა დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, თუმცა გამარჯვებას ჩვენს შორის შეძლებს ის კანდიდატი, რომელიც უფრო დამაჯერებელ, რეალურ და სასიცოხლო მნიშვნელობის პროგრამის შეთავაზებას მოახერხებს ამომრჩევლისათვის...

- იმ შემთხვევაში თუ მაჟორიტარი დეპუტატი გახდებით, რას პირდებით მოსახლეობას და როგორ წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელ კანდიდატს თქვენი შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობა?

– თუ გავიმარჯვებ, მაშინვე დავიწყებ ჩემი პროგრამის განხორციელებას სოფლის მეურნეობის, მცირე საწარმოების სტიმულირების დარგებში, ასევე განათლების, ჯანმრთელობის და ტურიზმის სფეროში.  სოფლის მეურნობა საჭიროებს ბიზნესის სტიმულირებას პროდუქციის გადამუშავების, შეფუთვის და შენახვის საქმეში. ძალზე აქტუალურია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და შეღავათიანი პირობების შექმნა კერძო კოლეჯებისთვის. რაიონში ბევრი ადამიანი არის სიღატაკის ზღვარზე და არა აქვს სოციალური დახმარება. ეს საკითხი ძალზე აქტუალურია და ხმამაღლა უნდა ისმოდეს პარლამენტში. ბევრია გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მუდმივი პრობლემაა სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგების ტექნიკური გამართვა...ძალზე საინტერესოა ტურიზმის სფეროს განვითარებაც, სადაც ჩემი ხედვა და გეგმები მაქვს. ერთი სიტყვით, გასაკეთებელიც ბევრია და შესაძლებლობაც...ვაპირებ, მაქსიმალურად არ დავაკლო ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან და პარალელურად კერძო ბიზნესის ინვესტიციები მოვიზიდო, რაც ყველაზე დიდ პრობლემას საგარეჯოში და საქართველოში - დასაქმებას შეუწყობს ხელს. ვერ გეტყვით, ვისთან გავერთიანდები, ან თუ გავერთიანდები საერთოდ ამ ეტაპზე. მე არ ვოცნებობ, მე მიყვარს საქმე და კარგი შედეგი...

 

- ამომრჩევლებთან შეხვედრები თუ გაქვთ და თქვენი ინფორმაციით, რა არის საგარეჯოს მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა?

– დიახ, აუცილებლად. ამომრჩეველთან ახლა ინტენსიური შეხვედრები მაქვს. აქაც, როგორც მთელს საქართველოში, მწვავე სოციალური პრობლემები და დასაქმების პრობლემებია....ვინც მუშაობს და მეურნეობას ეწევა, იმათ კი ხელს უშლის გასაღების ბაზრების სიმწირე, ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ, წყალმომარაგების გაუმართავობა. საგარეჯოში ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე ახალგაზრდობის მასობრივი გადინება.

- ზოგადად როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" 3 წლიან მმართველობას?

– "ქართული ოცნება" დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და დაპირებები და პროგრამაც საკმაოდ ხმამაღალი ჰქონდა. ჩვენ ემოციური ერი ვართ და ბევრმა ამომრჩეველმაც ირწმუნა, რომ ძალიან სწრაფად ქვეყანა ნახტომისებურ განვითარებას შეძლებდა, თუმცა ასე არ მოხდა. საერთოდ, საქართველოს დიდი პრობლემაა კომპეტენტური და პროფესიონალი კადრები. ყველა სფეროში გვჭირდება თანამედროვე, ახლებური ხედვა და გაბედული ნაბიჯები, დაუღალავი შრომა. ეს "ქართულ ოცნებასაც" ეხება და ყოველ  ჩვენთაგანსაც...ბედნიერი ვიქნები, თუ კინკლაობა დამთავრდება საქართველოში და ყველა საქმიან ადამიანს ჩვენი ლამაზი სამშობლოს აყვავება ექცევა მიზნად...

ინგა მურუსიძე