პარლამენტში 17 აპრილსაც არ დაუშვებენ ონლაინმედიებს

17-04-2024 01:22:10 პოლიტიკა

პარლამენტში 17 აპრილსაც არ დაუშვებენ ონლაინმედიების წარმომადგენლებს. ამის შესახებ ირკვევა პარლამენტის განცხადებიდან.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკვე მესამე დღეა, საკანონმდებლო ორგანოში "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ხოლო შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ ონლაინმედიების წარმომაგენლებს.

ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა 16 აპრილს თქვა, რომ ონლაინმედიების მიზანი პროტესტის დაფიქსირებაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები