პაპუაშვილი – ონლაინმედიებზე: მათი მიზანი პროტესტის დაფიქსირებაა

16-04-2024 12:19:41 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომლის ბრძანების საფუძველზეც უკვე მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ, ამბობს, რომ „ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად”.

პაპუაშვილის თქმით, ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის აქვს და მისი „ბოროტად გამოყენება“ მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.

მან მაგალითად მოიყვანა 8 აპრილს „პუბლიკის” ჟურნალისტის მიერ პარლამენტის შენობაში საპროტესტო ბანერის გაშლა.

„340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელევიზიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში.

რაც შეეხება ონლაინმედიებეს, ბიუროს სხდომაზე ვნახეთ, რომ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა – გაშალა პლაკატი. გუშინაც ვნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად. […]

გაცხადებული მიზანი ჰქონდათ, რომ სურდათ პროტესტი, რაც დადასტურდა იმით, რომ შემოვიდა ერთხელ „პუბლიკას“ ჟურნალისტი, ნახეთ რომ აქცია ჩაატარა, ერთი წამითაც კი ჟურნალისტური საქმიანობა არ განუხორციელებია. სხვათა შორის, ეს ჟურნალისტი სულ 3-ჯერ არის შემოსული აკრედიტაციით და აქედან 2-ჯერ წესები დაარღვია. აქაც ჩანს, რომ ჟურნალისტური ინტერესი მას არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები