საია: დაკავებულების უმეტესობას ოჯახთან და ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ

16-04-2024 17:38:57 საზოგადოება ,სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გასულ ღამეს დაკავებულების უმრავლესობას ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

“გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას” – ხაზს უსვამს ორგანიზაცია.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ადვოკატებთან საუბრის დროს დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის უცნობია როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა.

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს:

· ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

· დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;

· დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

· უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა.

იხილეთ ასევე: "ე.წ. კორიდორის გავლისას ურტყამდნენ" - აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები