"ე.წ. კორიდორის გავლისას ურტყამდნენ" - აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

16-04-2024 17:06:26 საზოგადოება ,სამართალი

15 დეკემბერს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ცნობილია, რომ აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს. მათგან რვის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, ოთხისას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, დანარჩენი ორი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაკავებულთა ნაწილთან მოახერხებს შეხვედრა. დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე. იგივეს ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც, რომელმაც დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა განმიცხადეს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა. მათ კისრის, თავის, წელის მიდამოებში სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაკავებულს ტანსაცმელი მთლიანად აქვს შემოხეული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა დაკავებული აღნიშნავს, რომ დაკავებისას ე.წ. კორიდორის გავლისას ურტყამდნენ და ძალადობდნენ. როცა იზოლატორში შეიყვანეს, დაათვალიერეს და ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, სადაც ამ ადამიანებს დაზიანებები აღენიშნებათ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მივმართავ, რათა აღნიშნულ ქმედებებზე გამოძიება დაიწყონ.

სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა ეს ქმედებები, ერთი მხრივ, როცა დაკავება ხდებოდა, მეორე მხრივ, როცა პოლიციელების ე.წ. კორდონში შეათრევდნენ, მაშინ ხდებოდა მათზე ძალადობა, დაკავებულებმა ასე განმიცხადეს“, - აცხადებს ტყეშელაძე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ არაფერი უთქვამს გამოძიების დაწყების თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები