პროკურორი ამბობს, რომ ივანიშვილი სასამართლოში დაიკითხება

27-03-2024 15:26:19 სამართალი

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში დაიკითხება. საუბარია „ბიტკოინების საქმეზე“ რომელთა მითვისებასაც ივანიშვილი ყოფილ ბიზნესპარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ედავება.

„ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებულია სასამართლოში დასაკითხთა სიაში“– უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს.

დამაზუსტებელ შეკითხვას, მათ შორის არის თუ არა ივანიშვილიც, პროკურორმა დადებითი პასუხი გასცა:

„დაზარალებული არის დასაკითხთა სიაში. ყველა პირი დაიკითხება იმ წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს“.

თავად ბაჩიაშვილს კი ეეჭვება ივანიშვილი სასამართლოში გამოცხადდეს.

„ვფიქრობ, არ მოვა“,– თქვა ბაჩიაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა გარემოებებით არის ნაკარნახევი მისი მოლოდინი.

თავად პროცესს ბაჩიაშვილმა სამარცხვინო უწოდა ქართული მართლმსაჯულებისთვის, რომელსაც „ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს საფუძვლად“.

გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წლის ეპიზოდს ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები