ბაჩიაშვილი: სამარცხვინო დღეა მართლმსაჯულებისთვის, უსამართლო პროცესს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს საფუძვლად

27-03-2024 15:11:00 სამართალი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სამარცხვინო უწოდა ქართული მართლმსაჯულებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს.

„მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული",- განაცხადა ბაჩიაშვილმა პროცესის შემდეგ.

ის ეჭვობს, ივანიშვილი გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება.

დაცვის მხარე პროცესზე ჩანაწერებით წარსდგა, რომელიც როგორც განიმარტა ბაჩიაშვილის და ივანიშვილის საუბარს ასახავს და ეხება სესხის გაცემის პერიოდს. პროკურატურამ თქვა, რომ ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, რათა დადასტურდეს ავთენტურობა.

რაც შეეხება ივანიშვილის დაკითხვას, პროკურორმა თქვა, რომ ის დასაკითხ პირთა სიაშია, "ყველა პირი დაიკითხვება" და ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წლის ეპიზოდს ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები