კლანური სისტემა - მარადიული ქართული კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი

2016-02-02 18:37:26
5506

ინტერვიუ ვასილ რუხაძესთან

- ბატონო ვასილ, რა მიგაჩნიათ დღეისათვის საქართველოს განვითარების ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორად?

- საქართველოს განვითარებას დღეს ძალიან ბევრი რამ აბრკოლებს, მხოლოდ ჩამოთვლასაც კი რამდენიმე გვერდი დასჭირდება. ყველა ამ ფაქტორიდან მე ერთ-ერთ ყველაზე დამანგრევლად ქართული კლანური სისტემა და შემდეგ მისგან მომავალი ნეპოტიზმი მიმაჩნია.

ამ შემთხვევაში კლანში ვგულისხმობ ოჯახურ-ნათესავური ან ახლო მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს ან ჯგუფებს, რომელთაც საერთო ინტერესები ამოძრავებთ, კლანურ სისტემაში კი - ამ ჯგუფების ერთობლიობას, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთგვარ ჩაკეტილ, მონოპოლისტურ წრეს ქმნიან და შესაბამისად, ყველა დანარჩენ მხარეს გზას უკეტავენ.

ქართული საზოგადოება ღრმად კლანური საზოგადოებაა, რომელსაც ფეოდალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი არაერთი ნიშან-თვისება აქვს. გადაუჭარბებლად შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ერთგვარი ნეოფეოდლური საზოგადოება ვართ, სადაც პროფესიული ურთიერთობებისას სისხლით ნათესავობა, მეგობრული კავშირები ან ნაცნობობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პროფესიული საქმის ინტერესები. ამიტომ არის, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც არჩევანი ნიჭიერ, მაღალკვალიფიციურ უცნობსა და უნიჭო, დაბალკვალიფიციურ ნათესავს, მეგობარს ან ნაცნობს შორის დგება, ქართველი დამქირავებლების უმრავლესობა სწორედ მეორეს არჩევს იმ ნათესავურ-მეგობრული ეგრეთ წოდებული ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელსაც ის წმიდათა წმიდად მიიჩნევს. შედეგად ვიღებთ არაეფექტურ და არაპროფესიონალურ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებს, უწყებებს, ინსტიტუტებს და კომპანიებს, რომლებსაც ძირითადი ფუნქციების შესრულებაც კი უჭირთ.

მეგობრულ-ნათესავური კავშირების ან ელემენტალური ნაცნობობის გარეშე დღეს რიგით ქართველს არათუ მაღალპროფესიული  სამსახურის პოვნა, არამედ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩამსხმელად ან მაღაზიაში გამყიდველად ადგილის პოვნაც კი უჭირს. საქართველოს კლანური სისტემა ქვეყანაში კლავს უზარმაზარ შემოქმედებით პოტენციას, რადგან ათეულ ათასობით ნიჭიერ, ენერგიულ ქართველ ახალგაზრდას საშუალებას არ აძლევს, დაიკავოს ის მაღალპროფესიული სამუშაო ადგილები, რომელთაც თავისუფალი, პატიოსანი კონკურენციის პირობებში აუცილებლად დაიკავებდა.

ავიღოთ თუნდაც ჩვენში საქმიანი ტენდერების ჩატარების მთელი პროცესი.  საუბედუროდ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად პროგრესული და საინტერესოა ტენდერში მონაწილე ამა თუ იმ ბიზნესდაწესებულების ან ორგანიზაციის გეგმა-პროექტი. უმეტეს შემთხვევაში, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ გაიმარჯვოს თუ ის ტენდერის ჩამტარებელ კლანთან (ან კლანებთან) რაიმე სახით არ არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, აქ გარკვეულ როლს კორუფციის ფენომენიც ასრულებს, მაგრამ მთავარი როლს მაინც კლანური სისტემა თამაშობს.

რა თქმა უნდა, ჩვენში კლანურობა და მისი გავლენა დასაქმების და ტენდერების ჩატარების სფეროს ბევრად სცდება. დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების არცერთი სფერო, მათ შორის - პოლიტიკური პარტიების, ფინანსური დაწესებულებების, ხელოვნების წრეების და  მედიასაშუალებების (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური პრესა და თვით ინტერნეტ-სივრცე) უდიდესი ნაწილი, რომელიც მთლიანად მონოპოლიზებული არ იყოს ამა თუ იმ კლანის ან კლანების მიერ.

შესაბამისად, საქართველოში თითქმის არ არსებობს, რასაც დასავლეთში „სოციალურ მობილურობას“ (social mobility) უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ ღარიბმა, დაბალი სოციალური ფენებიდან გამოსულმა ადამიანმა დიდ პროფესიულ წარმატებას ან მატერიალურ კეთილდღეობას შესაძლებელია, საკუთარი ნიჭის და შრომის ფასად მიაღწიოს და საზოგადოების სოციალურ კიბეზე თუნდაც ერთი საფეხურით აინაცვლოს. საქართველოს სინამდვილეში ამგვარი წარმატების შემთხვევები ძალიან იშვიათია. უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ვთქვათ, ქართველი მძღოლის ან ავტომობილის შემკეთებლის ოჯახში დაბადებული ადამიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თავადაც იგივე პროფესიას გაჰყვება, რადგან საქართველოს კლანური სისტემა მას სხვა არჩევანის და წინსვლის საშუალებას არ აძლევს.

ბუნებრივია, ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. გადაუჭარბებლად შეიძლება, ითქვას, რომ ქართული კლანური სისტემა, რომელიც შემდგომ ნეპოტიზმს იწვევს, არის მარადიული ქართული კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.

- მიიჩნევთ, რომ კლანური სისტემა ჩვენი ქვეყნის სტაგნაციაში ასეთ მნიშვნელოვან,  მძლავრ როლს თამაშობს?

- რა თქმა უნდა. საზოგადოების კლანური სისტემა და უშუალოდ კლანი არათუ არ არის დაინტერესებული პროგრესით, განვითარებით, არამედ მძაფრად ეწინააღმდეგება ყოველგვარ სიახლეს, რადგან სიახლეს გაურკვევლობა და არსებული, დამყაყებული სოციალური წესრიგის (რომელიც ხშირად უწესრიგობა უფროა) ცვლილების საფრთხე მოაქვს. კლანს უყვარს ჭაობი, უძრავობა, რომელიც სტატუს-ქვოს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა მოსაჩვენებლად გავლენიანი კლანები ყოველთვის ახალ იდეებზეა პროგრესზე და მაღალ იდეალებზე საუბრობენ, რათა ქვეყანაში ცვლილებების და განვითარების ილუზია შექმნან.

კლანური სისტემა და კლანები ასევე მძაფრად უფრთხიან ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ სისტემაში ახალი ადამიანების გამოჩენას. თუ ვინმე ახალი პიროვნება გამოჩნდა, ის მხოლოდ კლანის წევრი უნდა იყოს, ან კლანის თანხმობით და მისი კონტროლის ქვეშ უნდა გამოვიდეს ასპარეზზე. მინდა, ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველოში არ მომხდარა, რასაც დასავლეთში „ელიტების ცვლილებას“ (elite change) უწოდებენ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ქვეყანას ან ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წევრები, ან უშუალოდ მათი შვილები და შვილიშვილები მართავენ. ამ შემთხვევაში ქართული კლანები საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდნენ. საუბედუროდ, მათი სიცოცხლისუნარიანობა ქვეყანას ნგრევად და შემდეგ მრავალწლიან სტაგნაციად დაუჯდა.

ასევე მინდა, მკითხველის ყურადღება მივაპყრო ქართული ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიების სტრუქტურას. ჩვენში პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი სინამდვილეში კლანური დაჯგუფებებია. თითოეულ ამ ფსევდო-პარტიას სათავეში უდგას ადამიანთა მცირე ჯგუფი (ზოგ შემთხვევაში - სულ სამი-ოთხი ადამიანი), რომლებიც მას ათწლეულების მანძილზე უძღვებიან. ქართულ სინამდვილეში თითქმის შეუძლებელია, რომ პარტიაში გარედან მისულმა ადამიანმა მის იერარქიულ კიბეზე რაიმე კარიერულ წარმატებას მიაღწიოს და სერიოზულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს. ამის საშუალებას უბრალოდ პარტიის მეგობრულ-ნათესავურ ურთიერთობებზე დამყარებული კლანური სისტემა არ აძლევს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე აგერ უკვე ათწლეულებია, თითქმის მთლიანად ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებენ, რომელთაც ქვეყნისთვის ახლის არაფერი შეთავაზება ძალუძთ.

მსგავსი მდგომარეობაა არა მარტო პოლიტიკურ პარტიებში, არამედ ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სხვა სფეროში. ამის კარგი სარკეა ჩვენი გასართობი თუ პოლიტიკური ეგრეთ წოდებული „თოქ-შოუები“ ქართულ ტელევიზიებში, სადაც არათუ თვეების, არამედ უკვე წლების განმავლობაში თითქმის მთლიანად ერთი და იგივე ადამიანებს იწვევენ სტუმრად. შესაბამისად, ერთი და იგივე ადამიანები ყოველთვის ერთი და იგივე თემატიკაზე საუბრობენ, რაც ახშობს სხვა, უფრო საინტერესო და პრობლემატურ თემებს და შედეგად ისევ და ისევ ვიღებთ სტაგნაციას. ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ არის ჩვენი მედიის უდიდესი ნაწილი ასე შინაარსისგან დაცლილი და უფერული და საერთოდ, რატომ არის ქვეყანაში შემოქმედებითი იდეების და შემოქმედებითი მუხტის ასეთი ნაკლებობა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველებს, ოთხ მილიონიან ერს, უფრო მეტი ნიჭიერი და გონიერი ადამიანი არ გვყავს ქართულ სატელევიზიო სტუდიებში მისაწვევად.

- თქვენ ფიქრობთ, რომ კლანური სისტემა მხოლოდ ქართული სინამდვილისათვის არის დამახასიათებელი? პიროვნული ნაცნობობა ხომ თავად დასავლეთის პროფესიულ სამყაროშიც თამაშობს გარკვეულ როლს?

- რა საკვირველია, კლანური სისტემა მსოფლიოს სხვა საზოგადოებებშიც არსებობს. ამ მანკიერებისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ კლანები და კლანური სისტემა სხვა საზოგადოებებში არსებობს, ჩვენში მის არსებობას არ ამართლებს. ამასთანავე, ჩვენ ჩვენში არსებულ მანკიერებას უნდა მივხედოთ; სხვაგან არსებულს ადგილობრივი საზოგადოება თავად მიხედავს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენში კლანური სისტემა იმდენად ღრმად და ძლიერად არის ფესვგადგმული, რომ სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობას მსოფლიოს ბევრ საზოგადოებაში ვერ მოვძებნით.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, პიროვნული ურთიერთობები დასავლეთის პროფესიულ სამყაროშიც გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ძალიან შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ დასავლეთში დამქირავებელი, რომელიც მთლიანად საკუთარი უწყების თუ საწარმოს ეფექტური მუშაობით არის მოტივირებული, უნიჭო, არაკვალიფიციურ ნაცნობ-მეგობარსა და ნიჭიერ, მაღამკვალიფიციურ უცნობს შორის არჩევანს პირველის სასარგებლოდ გააკეთებს. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნება, უპირველეს ყოვლისა, თავად დამქირავებლის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მსგავსი კლანური, ნეპოტისტური აზროვნებით დასავლეთის საზოგადოებები განვითარების ასეთ მაღალ დონეს ვერასოდეს მიაღწევდნენ.

- რას თვლით საქართველოში კლანური სისტემის  ასეთი სიმძლავრის მიზეზად?

- ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემას სოციოლოგების, ისტორიკოსების და ფსიქოლოგების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. მე აქ მხოლოდ ვეცდები, ჩემი მოსაზრება გადმოვცე.

პირველ რიგში, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს კლანური სისტემა არამც და არამც არ არის ჩვენი ეროვნული ტრადიციების და ეროვნული კულტურის ნაწილი, როგორც ამას ბევრი მცდარად ფიქრობს. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ეს არის საზოგადოებრივი მანკიერება, რომელსაც არც ჩვენი და არც რომელიმე სხვა ერის და ქვეყნის კულტურასთან და ტრადიციებთან აქვს რაიმე საერთო.

ასევე არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს კლანები და კლანური სისტემა მცირერიცხოვანი ერებისათვის დამახასიათებელი ფენომენია. ასე რომ იყოს, დანიელი, შვედი და ჰოლანდიელი ხალხები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კლანური საზოგადოებები უნდა იყვნენ. როგორც ყველამ კარგად ვუწყით, ეს ასე სრულიადაც არ არის.

ჩემი აზრით, საქართველოში კლანების და კლანური სისტემის ასეთი სიმძლავრე სამმა მთავარმა ფაქტორმა გამოიწვია. მათგან, პირველ რიგში, გამოვყოფდი ჩვენი, როგორც ერის და ქვეყნის ხანგრძლივ პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ იზოლაციას მსოფლიოს განვითარებული საზოგადოებებისაგან რუსული (ცარისტული და საბჭოთა) ოკუპაციის და მანამდე ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობის შედეგად. ამ იზოლაციის გამო საქართველომ, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მე-20 საუკუნემდე, გამოტოვა სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი პროცესები, რომლებმაც დასავლეთში ფეოდალურ და შედეგად კლანურ სისტემას და კლანურ ურთიერთობებს გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა. შესაბამისად, საქართველოში კლანური სისტემის მახინჯი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები მთლიანად არასოდეს აღმოფხვრილა. აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოება დღეისათვის ერთგვარად ნეოფეოდალური საზოგადოებაა.

მეორე ფაქტორი გახლავთ კლანური სისტემის, როგორც თავდაცვითი მექანიზმის გამოყენება საგარეო ოკუპაციის პირობებში. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მე-20 საუკუნემდე საქართველო თითქმის მუდმივად ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ასეთ პირობებში ოჯახურ-ნათესავურ და მეგობრულ კავშირებზე დამყარებული კლანური სისტემა დამპყრობლის წინააღმდეგ ერთგვარი თავდაცვის, ეროვნული თვითიდენტიფიკაციის და თვით პიროვნული თვითდამკვიდრების მექანიზმის როლს ასრულებდა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კლანი და კლანური სისტემა დადებითი მოვლენაა ან მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, რაკი მას ასეთი ხანგრძლივი ისტორიული საფუძვლები აქვს.

საქართველოში კლანური სისტემის სიმძლავრის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ კომუნისტური ეპოქის დროს დანაშაულებრივი სამყაროს და საერთოდ ეგრეთ წოდებული „ ქურდული მენტალიტეტის“ და „ქუჩის კულტურის“ სიმძლავრე. კრიმინალური სამყარო მთლიანად კლანებს და კლანურ სისტემას ემყარება, სადაც საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული დაჯგუფებები მძლავრ სინდიკატებს ქმნიან. ამგვარ სინდიკატებში ნებისმიერი სახის წარმატება დანაშაულებრივ კლანთან კავშირის და სიახლოვის ხარისხით განისაზღვრება.

საუბედუროდ, კომუნისტური ეპოქის დროს წარმოქმნილი დანაშაულებრივი კლანების სისტემამ პოსტ-საბჭოთა საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თითქმის ხელუხლებლად გადმოინაცვლა. შეიძლება ითქვას, რომ ის კლანები რომლებიც დღეს საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას აკონტროლებენ, თვისობრივად და სტრუქტურულად თითქმით არაფრით განსხვავდებიან კომუნისტური ეპოქის დროინდელი კრიმინალური კლანებისაგან. 

- თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში ასეთი მძლავრი კლანური სისტემის აღმოფხვრა შესაძლებელია? და თუ ასე ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

- არ არსებობს ისეთი მანკიერება, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი იყოს, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ფესვგადგმულია ის საზოგადოებაში. საქართველოში კლანური სისტემის და შესაბამისად, ნეპოტიზმის დამარცხებისაკენ უპირველეს ნაბიჯად მესახება ყველა სახის სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულთა მიერ საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების და ნაცნობ-მეგობრების დანიშნვა-დასაქმების კანონის ძალით აკრძალვა და შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება.

თუკი ვინმეს ეს ღონისძიება რადიკალურად ეჩვენება, მინდა, აღვნიშნო, რომ სხვადასხვა საზოგადოებებს გაცილებით უფრო რადიკალური კანონები და ზომები მიუღიათ, რათა დაემარცხებინათ დიდი და მცირე მანკიერებები, მათ შორის - მექრთამეობა, ქუჩის კრიმინალური კულტურა, ან თავად დანაშაულებრივი სამყაროს ძლიერება.

ასევე რთული არ იქნება იმის აღმოჩენა, გარკვეული სახელმწიფო მოხელის მიერ საკუთარ უწყებაში ახლადდასაქმებული პირი არის თუ არა მასთან ოჯახურ-ნათესავური ან მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებული და თუ მიიღო მან რაიმე სახის მონაწილეობა ამ პირის მოცემულ უწყებაში დასაქმებაში. კრიმინალისტიკის განვითარების დღევანდელ პირობებში მსგავსი საკითხების გარკვევა უკვე არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს.

ასევე აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ყველა სახის სახელმწიფო დაწესებულებაში პიროვნების დასაქმება ნებისმიერი სახის და საფეხურის თანამდებობაზე დაექვემდებაროს საფუძვლიან ტესტირება-გამოცდებს, რომელიც გახდება ადამიანის პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენის უმთავრესი საშუალება და შემდგომ მის პროფესიულ სამსახურში აყვანის ძირითადი კრიტერიუმი.

ყოველივე ეს აუცილებელია იმისათვის, რომ  ქართული საზოგადოება გახდეს მთლიანად მერიტოკრატიული საზოგადოება, ანუ საზოგადოება, სადაც ადამიანის პროფესიული დასაქმება და წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მის ნიჭზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული და არა რომელიმე დიდ თუ მცირე კლანთან სიახლოვეზე.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამის თქმა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე განხორციელება. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ქართული კლანური სისტემა მარადიული ქართული ჩამორჩენილობის და კრიზისის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად იქცა. თუ გვსურს, რომ ჩვენი საუკუნოვანი ჩამორჩენილობა დავძლიოთ, ეს მახინჯი სისტემა ნებისმიერი საშუალებით უნდა დავამარცხოთ და უნდა დავამარცხოთ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება საფუძვლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ როგორც 21-ე საუკუნის საზოგადოებას მომავალი არ გვაქვს და შესაბამისად, ნუღარც ის გაგვიკვირდება, თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ ღარიბ, დაბალგანვითარეულ და ხშირად უსამართლო ქვეყანაში, სადაც რიგითი ადამიანისათვის არსებობა უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება.

ვასილ რუხაძე -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი