ინგუშეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერების სახლებს მასობრივად ჩხრეკენ

2019-04-03 16:39:20
755

ინგუშეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების ბინების მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს, 4 მათგანი უკვე დაკავებულია,– აცნობა მედიას რესპუბლიკის ხელმძღვანელის ყოფილმა პრეს–მდივანმა კალოი ახილგოვმა.

მისივე ვარაუდით, ქუჩები სასამართლოს იმ შენობის მიმდებარედ, სადაც დიდი ალბათობით, დაკავებულ აქტივისტებს გადაიყვანენ, სამხედრო მანქანებითაა გადაკეტილი.

ჩხრეკა მიმდინარეობს ინგუშეთის მუფტის ისა ხამხოევის სახლშიც. ამასთან, აქციების სხვა ორგანიზატორები, მათ შორის ტეიპების საბჭოს ხელმძრვანელი მალსაგ უჟახოვი სატელეფონო კავშირზე არ გამოდიან,– იუწყება პარტია „იაბლოკოს“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი რუსლან მუცოლგოვი.

მასობრივი ჩხრეკის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მუცოლგოვი ამას ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ მაგასში გამართულ ბოლო მიტინგზე ძალოვანების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საქმეს უკავშირებს.

მან მოუწოდა ახალგაზრდობას, პროვოკაციებს არ წამოეგოს და სტიქიური აქციების გამართვისგან თავი შეიკავოს.

მანამდე ინგუშეთის ლიდერმა იუნუს ბეკ ევკუროვმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკაში საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა სისხლის სამართლებრივი დევნის მისაღწევად ძალ–ღონეს არ დაიშურებს“.

ცნობისთვის: გუშინ სასამართლომ 10–დღიანი პატიმრობა შეუფარდა იმ მიტინგის 4 მონაწილეს, რომლებმაც რამდენიმე საათით ფედერალური ტრასა „კავკაზი“ გადაკეტეს.

გასული წლის შემოდგომიდან ინგუშეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან ტერიტორიების გაცვლას აპროტესტებენ. ბოლო აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. დემონსტრანტებმა რესპუბლიკის ლიდერის გადადგომა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ აქცია უვადო ხასიათს მიიღებდა, ძალოვანებთან შეტაკებები დაიწყო.

ახალი მიტინგი, რომელიც 5–9 აპრილისთვისაა დაგეგმილი, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ჯერ არ არის.