30 წლის შემდეგ: სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ამჯერად მხოლოდ მამაკაცები

2019-03-29 18:05:59
344

ჯემალ სეფიაშვილის ცნობილ სიმღერას „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ 1989 წლის 9აპრილიდან 30 წლის შემდეგ ისევ იმღერებენ, თუმცა ამჯერად სიმღერას 25 კაცი შეასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის წინ, როცა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ პირველად მოისმინა საზოგადოებამ, სიმღერის შემსრულებლებს შორის არაერთი ქალი იყო.

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს: 

„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ ამ სიმღერას ეს 25 მამაკაცი იმღერებს“.

ამ გადაწყვეტილებამ უფლებადამცველთა პროტესტი გამოიწვია. ისინი აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან 9 აპრილს გამართავენ, ვინაიდან სიმღერის პრეზენტაცია 9 აპრილს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს.

დაგეგმილი აქციის სახელმწიფოებაა –  „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!“

„მოვუწოდებთ პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია!

მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა! მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და გააშუქებს ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას“.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაარბიეს, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ქალი: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნანა სამარგულიანი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე.

30 წლის წინ, როცა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ პირველად მოისმინა საზოგადოებამ, სიმღერის შემსრულებლებს შორის არაერთი ქალი იყო.