ზურაბიშვილი: „საქართველოში მცხოვრები სომხები ქვეყნის ცხოვრებაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ“

2019-03-13 19:25:13
273

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხების ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულყოფილ ინტეგრაციას აქტიურად შეუწყობს ხელს.    

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ერევანში, სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   

„როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში უფრო მეტად იყვნენ ჩართულები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო – 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 170 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 4,5%–ს შეადგენს. განსაკუთრებით კომპაქტურად სომხები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში სახლობენ.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგიონული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა გადმოდიოდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები –ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ რეგიონული კონფლიქტები განვითარებასა და პროგრესს უშლის ხელს.

მისივე შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს დიდი პოტენციალი გააჩნიათ თანამშრომლობის გასაღმავებლად ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკისა თუ ტრანსპორტის სფეროებში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა  მემორიალური კომპლექსი "ციცერნაკაბერდი" გვირგვინით შეამკო.


დღესვე საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო ექსპოზიციას „სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში“ და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე "ხსოვნის ხეივანში" ნაძვი დარგო.

 

ცნობისთვის: ბოლოს საქართველოს პრეზიდენტებს შორის სომხეთს 2014 წლის თებერვალში გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ არმენ სარქისიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით უკვე 2-ჯერ იყო ჩამოსული.