"განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება"

2019-03-07 11:25:07
121

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, "განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება".

„ჩვენ შარშან იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019- 2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით, ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და, რა თქმა უნდა, მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს", – განაცხადა პრემიერმა ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგენისას.

მისივე თქმით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება. "ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში", – დასძინა პრემიერმა.