მედია: ფაშინიანმა და როუჰანიმ ირანული გაზის საქართველოში ექსპორტზე იმსჯელეს

2019-02-27 17:59:44
524

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ  ირანში გამართულ შეხვედრაზე ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის  შესახებ იმსჯელეს.

„მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი საქართველოში გაზის ექსპორტისთვის“, – აღნიშნა სომხური მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა თეირანში, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, სომხეთის მთავრობა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ფაშიანიანის განცხადებასაც ავრცელებს.

„სომხეთი მზადაა, ირანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ღირებულების გაძვირების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. პირველი იანვრიდან გაზპრომი სომხეთს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს $150-ის ნაცვლად, $165-ად აწვდის.   

ცნობისთვის: საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა გარკვეულ ნაწილს იღებს რუსეთიდანაც, სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ [2017 წლიდან საქართველო სატრანზიტო ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზრაურებას იღებს]. 


უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა ახალ წელს გაუვიდა და უკვე 2 თვეა, სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი კონტრაქტის გარეშე მიეწოდება. მთავრობის განმარტებით, საქართველო კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ცდილობს.


"ჩვენ გვინდა რომ, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს. გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და ეს იმოქმედებს ფასებზე," - განაცხადა  ეკონონიკის მინისტრმა გიორგი ქობულია.