თბილისი VS მოსკოვი: დგება თუ არა სიმართლის მხარეს ქართული ეკლესია?

2019-02-08 17:41:54
466

რუსეთის პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მიტროპოლიტის, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელ ილარიონ ალფეევის 1 თებერვლის განცხადებამ, „საქართველოს ეკლესიას კარგად ესმის, რა შეიძლება, დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში", ქართველი სასულიერო პირები აღაშფოთა. ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ გავლენიანი რუსი სასულიერო იერარქი დიპტიქთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით წმინდა სინოდის წევრები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არც კერძო ინტერვიუებში მორიდებიან.

მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ალფეევის განცხადებაში შანტაჟის ტონი ამოიკითხა:  „ფაქტია, რომ ზოგადად ეკლესიათაშორის ურთიერთობაში ცოტა სხვა ტონია საჭირო და მუქარა და შანტაჟი არ გამოდგებაო“.

კიდევ უფრო ხისტი იყო შეფასებაში ქორეპისკოპოსი იაკობი. თუ მანამდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისას იგი ამბობდა, რომ "რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ და მარტო უკრაინაზე არ უნდა ვიფიქროთო", "რ2"–ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქორეპისკოპოსმა იაკობმა რუსი მიტროპოლიტი ФСБ- და ГРУ-ს კარნახით მოქმედებაში დაადანაშაულა:

„როდესაც ჩვენმა მედიამ დაწერა, მეგონა, ან ჟირინოვსკიმ გააკეთა ეს განცხადება, ან მისი პარტიიდან ვინმემ. მაგენი ვერ შეეშვნენ... ადრე ობერპროკურორების ქვეშ, მერე КГБ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ-ს ქვეშ არიან. თუ თბილისში ჩამობრძანდა, მაგას ქართულად, ცოტა მძიმედ დაველაპარაკები. ვიღაცა ალფეევი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს და ეს იცოდეს. როდესაც ამას ლაპარაკობდა, არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო. თუმცა შეურაცხყოფილი ვერ დავრჩები:  უტვინო განცხადება გააკეთა, როგორც ყოველთვის“.

 

მან გაიხსენა, რომ ალფეევი წარსულში საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანი იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ "ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სტიქაროსანი კი არა, სასულიერო პირიც შეიძლება, გახდეს მოღალატე და მისი ამასწინანდელი განცხადებაც ამით იყო ნაკარნახევი":  

როდესაც ნაციონალისტ რუსებთან ... ნაციონალისტს და შოვინისტს ეხება საქმე, იქ ღვთის მადლი აღარ მოქმედებს რა... ეშმაკისგან მოქმედებენ თუ ვისგან მოქმედებენ, ღმერთისგან არ არიან. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადებებს წინ უძღოდა [29 იანვარს] მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრები საპატრიარქოში. არის თუ არა კავშირი თუნდაც მეუფე იაკობის პოზიციის ცვლილებასა და ამ ვიზიტს შორის? ქართველ თეოლოგებს ამის თქმა უჭირთ, თუმცა მის ბოლო განცხადებას მიესალმებიან. 

 

„ბოლო პერიოდია, მღვდელთმავარი იაკობი საქართველოში რუსული საეკლესიო ინტერესის წინააღმდეგ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს: ამბობს, რომ ამერიკა იყო და არის საქართველოს ყველაზე ერთგული მეგობარი; მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას; თავდაპირველად ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, რაც ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე ღია დარტყმაა რუსული იმპერიალიზმისთვის, მაგრამ შემდეგ თითქოს შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ძმებს შორის დავაში, ახლა კი ალფეევის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება... ერთის მხრივ, უდავოდ პოზიტიურია მისი კრიტიკული დამოკიდებულება რუსული იმპერიალისტური მართლმადიდებლობისადმი, მაგრამ მეორეს მხრივ, იაკობი იმდენად არასერიოზულ კონტექსტში და ლინგვისტურ საბურველში აქცევს ამ ყველაფერს, რომ რთულია მისი ნათქვამის სერიოზულად აღქმა. ეს პრობლემაა იაკობთან დაკავშირებით“,– განაცხადა „აქცენტთან“ საუბრისას თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა.

თეოლოგ გოჩა ბარნოვს პოზიციის ცვლის ფაქტი არ მოსწონს:

„ძალიან ცუდია პოზიციების ასეთი ცვლილება: ჯერ უჭერდა მხარს, შემდეგ თქვა, თავი უნდა შევიკავოთო. მე მისი პიროვნების შეფასებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვიტყვი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიციის არქონა, ან თავის შეკავება შეუძლებელია. დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგვიწევს „ჰო“–ს ან „არა“–ს თქმა. შეუძლებელია, თანაზიარებაში იყო იმ ეკლესიებთან, რომლებიც, ვთქვათ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებენ. თუ უკრაინასთან არ იქნები თანაზიარებაში, არც მათთან უნდა იყო. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. არ არის აუცილებელი, საქართველო პირველი იყოს იმ ეკლესიათა რიგში, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებენ და ამას საქართველოს არც არავინ სთხოვს, უბრალოდ განწყობაა პრორუსული. მაგალითად, 3 თებერვალს [უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების დღეს] ონოფრესთან [რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის ხელმძღვანელი] ჩავიდა სამი ქართველი მღვდელი. ფოტოებიც გავრცელდა. ეს ძალიან ცუდია. ადამიანები ხედავენ, რომ გვერდით ტაძარში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ლიდერის ინტრონიზაციის პროცესია და ამ დროს ქართველი მღვდლები ონოფრეს წირვას ესწრებიან, მასთან არიან თანაზიარებაში. ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. როდესაც მსგავს ქმედებებს ხედავ, ფიქრობ, რომ განწყობაც პრორუსულია“.


ამასთან, თეოლოგისთვის გაუგებარია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არგუმენტად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამოყენება:

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები სადღეისოდ რუსეთის მიერ არის დაპყრობილი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად. დავუშვათ, დავუჭირეთ მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას... და რა? მეორედ წაგვართმევენ ამ რეგიონებს?! ფაქტობრივად, ისედაც მათ იურისდიქციაშია... ეს რუსული ნარატივია, “ქართველებო, ფრთხილად იყავითო!“. სწორედ ეს თქვა ალფეევმაც და ეს აშკარა მუქარაა. ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს, სიმართლე კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა. თუ სიმართლის მხარეს არ დავდგებით, გვერდზე დაგვრჩება ის აფხაზეთიც, ქრისტიანობაც და აბსოლუტურად ყველაფერი. როგორც რამდენიმე მღვდელმთავრისგან ვიცი, კერძო საუბრებში სინოდის ყველა წევრი ცალსახად ამბობს, რომ უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია, მაგრამ სინოდზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის თქმა რთულია“.

ავტორი: დიანა მუსელიანი