ფოთის ტერმინალი: წმინდა ეკონომიკური პროექტი, თუ ანაკლიის მშენებლებთან ანგარიშსწორება?

2019-02-06 16:03:27
431

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ პომპეზურ ვითარებაში დააანონსა ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რისთვისაც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) 15-წლიანი სესხის სახით 50 მილიონი დოლარი გამოყო. როგორც ირკვევა, პროექტით ფოთის ნავსადგურის ფსკერის დაღრმავებაა გათვალისწინებული.

არადა, ბოლო დრომდე საქართველოში პირველ და მთავარ ღრმაწყლოვან პორტად ანაკლია ანონსდებოდა. ამ უკანასკნელის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს «ანაკლიის განვითარების კონსორციუმი» აწარმოებს, რომლის დამფუძნებლები არიან ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC, ასევე ქართული TBC Holding, რომელსაც, მოარული ხმების მიხედვით, სერიოზული უთანხმოებები აქვს მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. არაერთი დამკვირვებლის აზრით, ფოთის აკვატორიის სიღრმის გაზრდის გადაწყვეტილებისა და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კერძო პროექტის ლობირების უკან სწორედ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შეიძლება, იდგეს. გასათვალისწინებელია ექსპერტების ის მოსაზრებაც, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება რუსეთი.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ირწმუნება, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული «ინსინუაციები უსაფუძვლოა» და რომ ერთი პორტი მეორეს ხელს არ შეუშლის:

„ჩემი აზრით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის იმგვარი პოტენციალი აქვს, რომ ტვირთები ფოთსაც ეყოფა და ანაკლიასაც. მთავარია, ჩვენი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობა ავამაღლოთ, რაც მხოლოდ პორტებზე არ არის დამოკიდებული. ეს კომპლექსური ამოცანაა, რომლის გადასაჭრელადაც ამჟამად ვმუშაობთ. იგი მოიცავს როგორც ჩვენს პორტებს, ისე რკინიგზას, საზღვრებს (სასაზღვრო გადასასვლელებს), ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“.

ეკონომიკის მინისტრის ეს განცხადება «ბუნდოვნად» ეჩვენება  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელს, HUB Georgia- ექსპერტ პაატა ცაგარეიშვილს.  

როგორც მან „აქცენტთან“  საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული პორტები სადღეისოდ კერძოა ან იჯარით არის გაცემული, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ზუსტი ხედვა დააფიქსიროს მათ ფუნქციებთან მიმართებაში, რათა შიდა კონკურენცია თავიდან იქნას აცილებული:

„როდესაც რეგიონში, დაახლოებით 100 კმ–იან აკვატორიაში სამი კონკურენტი ნავსადგური იქმნება,  წარმოუდგენელია, მათ შორის კონკურენცია არ იყოს. კლიენტს არჩევანი ეძლევა. ჩვენ გვაქვს უკრაინის გამოცდილება: იქ ანალოგიურად 5–6 ნავსადგურია (ოდესის, მარიუპოლის და ა.შ.) ჩამწკრივებული და სახელმწიფო ძალიან მყარად იცავს პრიორიტეტს, თითოეულ მათგანს თავისი ფუნქნცია გააჩნდეს, რათა შიდა კონკურენცია გამოირიცხოს“.

ამასთან, ექსპერტს წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ფოთის პორტში მსხვილი ინვესტორების გამოჩენის მოლოდინი არ აქვს. იგი იხსენებს, რომ ფოთის ნავსადგურში ანალოგიური  პროექტების განხორციელების მცდელობა სამჯერ (1998, 2006, 2014 წლებში) იყო, მაგრამ არაფრით დასრულდა. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ტვირთნაკადები იზრდებოდა, სადღეისოდ კი საწინააღმდეგო ტენდენციაა.

ამის გათვალისწინებით, ცაგარეიშვილს უჩნდება კითხვა, «ხომ არ გამოიყენება ფინანსურად ტევადი ეს პროექტი ანაკლიის პოლიტიკურ საპირწონედ?»:

«მე ირიბად ვხედავ საშიშროებას, მოხდეს ანაკლიის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ტორპედირება: სახეზეა უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება; რუსეთი ეძებს ალტერნატივას, ცდილობს, ცენტრალური აზიის მიმართულებით ტვირთნაკადი არ დაკარგოს.  გასაგებია, რომ ტორპედირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს და არ არის აუცილებელი, ტყვიების დაშენაზე იყოს საუბარი“.

ამასთან, როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ფოთის პორტთან დაკავშირებით დაანონსებული პროექტი რეალურად განხორციელდა, ის ანაკლიის პორტთან რეალურ კონკურენციაში ვერ შევა: 

„ფოთის პორტის შემთხვევაში საუბარია ნაყარი ქიმიური ტვირთების გადამუშავებაზე, ხოლო ანაკლიის პორტის შემთხვევაში საკონტეინერო ტვირთებზე კეთდება აქცენტი. ამიტომ ძალიან ხაზგასმით შეიძლება, აღინიშნოს, რომ ფოთის ნავსადგური ეძებს თავის ნიშას. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ფოთის ნავსადგურსაც აღრმავებენ, მაგრამ რთულად წარმოსადგენია, მან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს გაუწიოს კონკურენცია, რადგან ფოთის შემთხვევაში საუბარია 12 მეტრამდე დაღრმავებაზე, ანაკლიის შემთხვევაში კი  – 18–19–21 მეტრამდე“.

ცაგარეიშვილის ხედვით, ანაკლიის პორტი კონკურენციაში არა ადგილობრივ, არამედ რეგიონში არსებულ მძლავრ პორტებთან უნდა შევიდეს: 

„ანაკლიის პორტის კონკურენტები არიან ბალტიის ნავსადგურები, ოდესის ნავსადგური უკრაინაში, ბანდერაბასი  ირანში, მერსინი  თურქეთში,  უსტ–ლუგა რუსეთში. ამ ნავსადგურებთან კონკურენტულ ბრძოლაში მან თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა რთულია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები, თუნდაც რუსეთ–უკრაინის პოლიტიკური დაპირისპირება, ირანის ნავსადგურის მიმართ სანქციები, რაც ყოველგვარი დამატებითი ღონისძიებების გარეშე აძლევს ანაკლიის პორტს უპირატესობებს და ამის გამოყენება აუცილებელია“.

რაც შეეხება ადგილობრივ პორტებს, ექსპერტი კონკურენტუნარიანობის კუთხით მათ ნიშას ასე ხედავს:

ბათუმის ნავსადგურისთვის ყველაზე სტაბილური ტვირთია შაქარი, მინერალური სასუქები, კარბამიდი. რაც მთავარია, ბათუმის ნავსადგური უნდა ეცადოს, დაიბრუნოს არა ნედლი ნავთობი, არამედ ნავთობპროდუქტები, რომლისთვისაც ინფრასტრუქტურა გააჩნია.  ფოთის ნავსადგურის მიმართულება უფრო ხორბლის გადამუშავება, პაკეტირებული, შეკრული ტვირთები, ლითონის რულონები, ქიმიური ტვირთებია, ხოლო ანაკლიის პორტის  – ცალსახად საკონტეინერო გადაზიდვები, მანქანა–დანადგარები, მსხვილტონაჟიანი მილები და ა.შ.». 

ამავე თემაზე: 

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი: "მონდომებული ვართ, რომ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს"    

მაიკლ კარპენტერი: „აშშ ანაკლიის პორტის მშენებლობით დიდად არის დაინტერესებული“ 

ბრიტანეთის ელჩი: „ანაკლიის პროექტი ამბიციური გამოწვევის პასუხია“ 

ამერიკელი ანალიტიკოსი: "მოსკოვს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს"   

კენეტ ენჯელი: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია"  

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს... ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში“  

"ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული"   

"თუ სახელმწიფო, რომლის უკან ოლიგარქიული კლანი დგას, "თიბისი ბანკს" შეუტევს, ეს ანაკლიის პორტის მშენებლობასაც შეაფერხებს"   

უსაფრთხოების ექსპერტი – ანაკლიის პორტზე: „როცა ვერ ბლოკავ, ცდილობ, იქ იყო წარმოდგენილი“   

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ