კარასინმა სომხური ტვირთებისთვის ზემო ლარსის ალტერნატიული პროექტის დეტალები გაამხილა

2019-01-31 12:21:18
1661

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უამბო სომეხ ჟურნალისტებს, რა პირობებში შეიძლება, ამოქმედდეს სომხური ტვირთებისთვის ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტი. მოსკოვი ამ შესაძლებლობას საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთ–საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში განიხილავს. კარასინის თქმით, ამოქმედების შემთხვევაში ეს მარშრუტი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონზე გაივლის.

„რუსეთი 2011 წლის შეთანხმების რეალიზებისადმი პოზიტიურად არის განწყობილი და საკუთარი ვალდებულებების აღსრულებას გეგმავს. მისი ხელმოწერიდან უკვე მრავალი წელია გასული. ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა შვეიცარიის მონაწილეობით, რომელსაც კომპანია SGS წარმოადგენს. სწორედ ის დაკავსება პროექტის უშუალო რეალიზებით. პირველი შვეიცარიულ–რუსულ–ქართული შეხვედრა თებერვალში ჟენევაშია დაგეგმილი. მისი დასრულების შემდეგ მხარეები ეცდებიან, ლოჯისტიკურად გათვალონ ნაბიჯების თანმიმდევრობა და პროექტის რეალიზებას შეუდგენიან. იმედი მაქვს, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავხსნათ კიდევ ერთი სატრანზიტო დერეფანი სომხური ტვირთებისთვის. თუმცა მოდით, საკითხის სირთულე გავაცნობიეროთ, რეგიონში არსებობს თავისი პრობლემები, მთელი რიგი სახელმწიფოების პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული უთანხმოებები. კერძოდ, ესაა სამხრეთ ოსეთის სტატუსის თემა, რომლის გავლითაც უნდა გაიაროს დერეფანმა. ეს ძალზედ დელიკატური საკითხია, რომელიც ქართველ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთობლივად იქნება განხილული. ჩვენის მხრივ ჩვენი სომეხი პარტნიორების ინფორმირებას მოვახდენთ“,– აღნიშნა კარასინმა.

რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების 80% სადღეისოდ ზემო ლარსს გაივლის. სომეხი ექსპერტები 6 ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავენ:

  • საჰაეროს;
  • საზღვაოს (ფოთის გავლით);
  • სამ სახმელეთოს (დერეფანი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის გავლით; ავარო–კახეთის გზა დაღესტნის გავლით; ზემო ლარსი);
  • სარკინიგზოს (გაივლის აფხაზეთს ზუგდიდი–სოჭის მარშრუტით).

თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, სმხეთისთვის ყველაზე მისაღებად ითვლება ნარი (ჩრდილოეთ ოსეთი)–გორის მარშრუტი, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიას გაივლის: იგი ლარსის მარშრუტზე 80 კილომეტრით გრძელია, თუმცა უფრო კომფორტული კლიმატური პირობებისა და რელიეფის თვალსაზრისით.  

 

 

ამავე თემაზე:

დაუშვებს თუ არა თბილისი ტვირთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?