წიკლაური – ჩეჩნებს: "მადლობა ძმებო, თქვენ რომ არა, იმათ ხელში ვიქნებოდი"

2018-03-13 13:14:25
4151

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში საინტერესო მოგონებას აქვეყნებს: 

"მას შემდეგ ალბათ ოცდახუთი წელი იქნება გასული. ჩეჩნეთიდან საქართველოში ვაპირებდი წამოსვლას და ავტოსადგურში ჩემმა ჩეჩენმა მეგობარმა სოულთ გირეიმ გამომაცილა. ეს კაცი შემთხვევით გავიცანი ქუჩაში და, როცა გაიგო, რომ სასტუმროში ვცხოვრობდი, მანამ არ მომეშვა, სანამ თავის სახლში არ წამიყვანა, სადაც მეუღლესთან და ორ შესანიშნავ, მხიარულ ბავშვთან ცხოვრობდა. ავტობუსი რუსეთში მიდიოდა, მე კი გზად ინგუშეთი და ჩრდილოეთ ოსეთი უნდა გამევლო - ვლადიკავკაზიდან ყაზბეგში და მერე თბილისში. ერთი მე ვიყავი ქართველი ამ ავტობუსში, მგზავრები ყველანი ჩეჩნები იყვნენ. დავტოვე ჩეჩნეთი, ინგუშეთი; გზაში პოლიტიკაზეც ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთად ვაგინეთ რუსებს და მათ მხარდამჭერებს კავკასიაში. ოსების საზღვარზე ჩერმენის ცნობილ პოსტთან ჩვენი ავტობუსი გააჩერეს და ყველას პასპორტები ჩამოგვართვეს. ცოტა ხნის შემდეგ პასპორტები უკან დააბრუნეს, მაგრამ ჩემი პასპორტი დაიტოვეს და ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მილიციელების და წვერიანი ავტომატიანი ბანდიტების გაურკვეველი ჯგუფი. უაზრო შეკითხვები, ვინა ხარ, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, რატომ დადიხარ? ჯიბეში გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ ჟურნალისტის მოწმობა მქონდა.

- თავისუფალი საქართველო გინდა, ბიჭო, - მკითხა ერთმა ქართულად.

- უნდა, მა რაა. უზნაეტ, გდე სვაბოდნაია გრუზია, ბიჭო, შენზე ვიკუპს არ გააკეთებს სვაბოდნაია გრუზია?- უპასუხა მეორემ ქართულ-რუსულად და მე მომიბრუნდა. მივხვდი, ცხინვალის დევნილები იყვნენ და იმასაც კარგად მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან ცუდ საქმეში ამოვყავი თავი. ამასობაში ვხედავ, ჩემი ავტობუსი არ მიდის, თუმცა საგანგებოდ უთხრეს მძღოლს, რომ წასულიყო. მგზავრმა თავიც გადმოყო და იკითხა, როდის გამიშვებდნენ.

- იეზჟაი, - დაუძახეს ამეებმაც, მაგრამ ავტობუსი არ წავიდა, პირიქით, კარი გაიღო და ერთი კაცი ჩამოვიდა.

- რა დააშავა, გაუშვი, ველოდებით. - უთხრა ავტომატიანებს.

- ადი ავტობუსში და წადი, თორემ შენც ამასთან ერთად ჩაგაგდებთ ორმოში. - უპასუხა ოსმა მილიციელმა.

- წავიდეთ, ჩამაგდე და გახსოვდეს, რომ თქვენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს მეორე დღეს ჩააგდებენ სხვა ორმოებში. „კაკ ბარანოვ“, - დაამატა ჩეჩენმა. - შუა ხნის კაცი იყო, მშვიდად და გარკვევით ლაპარაკობდა. ამ სიტყვებზე ვიღაცეები ჩვენსკენ გამოიწივნენ და ავტომატებიც ჩამოიხსნეს. ავტობუსიდანაც სწრაფადვე ჩამოვიდნენ ჩეჩნები, ყველა, მძღოლიც და ქალებიც. მერე იყო ხმაურიანი ლაპარაკი, მუქარა... კაკ ბარანოვ, ტი ნე პონიალ? - იმეორებდა ის პირველი კაცი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი პასპორტი დამიბრუნეს, სხვა საბუთებიც და ისევ ავბრუნდი ჩემს ავტობუსში. არც კი მეჯერა. გზაზე დარჩა თხუთმეტი შეშინებული ავტომატიანი, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ „კაკ ბარანოვიამუ“ გადაჭარბებული სიტყვები არ იყო. ოცი კილომეტრი კიდევ გამოვიარეთ და ჩამოვედი ავტობუსიდან, რომ ყაზბეგის ტაქსში გადავმჯდარიყავი. - მადლობა, ძმებო, თქვენ რომ არა, ახლა იმათ ხელში ვიქნებოდი. - მივუბრუნდი ჩასვლის წინ ყველას. - სჩასტლივო, კაცო, მი ბრატია, სჩასტლივო, სჩასტლივო... წავიდა ჩემი ავტობუსი, მიეფარა თვალს და მეც წამოვედი საქართველოსკენ. აი, ეს ამბავი მინდოდა მომეყოლა ჩვენს ვაინახ ძმებზე".