“საქართველოში КГБ-ს ტიპიური ოპერაცია ჩატარდა”

05-07-2019 18:58:22

აარნე ვეედლა

ივნისის ბოლოს თბილისში დაწყებულმა მოვლენებმა ფართო რეზონანსი ჰპოვა მთელს მსოფლიოში. მაინც რა იყო ეს?

ამაში გასარკვევად ჯერ გავიხსენოთ, რა ვნახეთ.

ამ მოვლენებამდე ორიოდ დღით ადრე რუსეთში უზარმაზარი ღონისძიება ჩატარდა: რუსეთის ფედერაციის ძალიან ავადმყოფმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მორიგი “პირდაპირი ხაზი” გამართა მოსახლეობასთან…

რაღა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიების გამართვა პუტინისთვის რთულია. თუ გახსოვთ, ორიოდ წლის წინ ანალოგიურ ფორმატში იგი სრულიად მოუმზადებელი მივიდა და ეს ყველაფერი სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. ამჯერად ეს “პირდაპირი ხაზი” ძალზე სრიოზულად იყო მომზადებული, პუტინიც მომზადებული ჩანდა და ამ მხრივ მეტ-ნაკლებად გამართულად ჩაატარა ყველაფერი. თუმცა ღონისძიების ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით კრიტიკა, რაღა თქმა უნდა, ძალაში დარჩა და  წელს მეტიც იყო, ვიდრე წინა წლებში….

ვინც ძველ КГБ-შნიკებს იცნობს, დამეთანხმება,რომ როდესაც ასეთი სუპერ-მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, მისთვის, როგორც წესი, ძალზე სერიოზულად ემზადებიან, მათ შორის ამზადებენ ე.წ. “прикрытие”-ს – ერთგვარ გეგმას საიმისოდ, რომ თუ “პირდაპირი ხაზის” მიმართ კრიტიკა მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდება, ამ ღონისძიებიდან ერთ-ორ დღეში საზოგადოების ყურადღება სხვა თემაზე გადაამისამართონ… მაგალითად, საქართველოზე….

ჩემი აზრით, იმ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მოვლენების მიზეზი, რომელიც საქართველოში ვიხილეთ, სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ.

მათ სურთ, თბილისში მიმდინარე მოვლენები ისე წარმოაჩინონ, თითქოს ვიღაც ოპოზიციონერები რაღაცასთან დაკავშირებით რაღაცას ნერვიულად აპროტესტებენ და საქართველოში ანტირუსული ისტერია მძვინვარებს, პუტინი კი ამ ანტირუსულ ისტერიაზე იძულებით საპასუხო ნაბიჯებს დგამს.

რეალურად კი, ეს სწორედ ის “прикрытие” არის: რაღაცნაირად მოახერხეს “მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში” იმგვარი მდგომარეობის შექმნა, რომ პროტესტისთვის საბაბი შეექმნათ და დაწყებულიყო ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც შემდეგ წარმოაჩენდნენ ანტირუსულად. ანუ, სახეზეა წმინდა  წყლის КГБ-ს ოპერაცია, ამ სტრუქტურისთვის ტიპიური მოქმედება.

რა შედეგებს ვხედავთ?

ოპოზიცია კმაყოფილია: ხალხმა მისი ხმა გაიგონა და, რაც მთავარია,  როგორც იქნა, გამოვიდა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ, თუ ადრე ოპოზიციას არაფერი გააჩნდა, ახლა “კოზირი” აქვს…

ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც მივყავართ აზრამდე, რომ ყველაფერი “ჩაწყობილი”იყო: არც გავრილოვი ჩამჯდარა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში შემთხვევით, არც ოპოზიციონერი დეპუტატები აღმოჩენილან მალევე პარლამენტის სიახლოვეს შემთხვევით, არც აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები; და, რაღა თქმა უნდა, პუტინსაც შემდგომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შემთხვევით არ შეუწყვეტია.

მოკლევადიანი შედეგები პუტინისთვის ასეთია: 1) საზოგადოების ყურადღება მისი “პირდაპირი ხაზიდან” საქართველოზე გადაერთო, მთავარი თემა  შეიცვალა; 2) რუსეთის მოსახლეობას უჩვენებენ, “აი, როგორი ძლიერი, ყოვლისშემძლე ხელმძღვანელი გყავთ პუტინის სახით, ერთი ხელის მოსმით უსწორდება თქვენთვის საფრთხის მატარებელ, მტრულ საქართველოსო”..

თუმცა ეს საქმის მხოლოდ ერთი შემადგენელია, ერთ-ერთი კრემლის იმ მიზნებიდან, რომელსაც ეს ოპერაცია ისახავდა. ზოგადადაც, КГБ-ს ოპერაციებს, როგორც წესი, მრავალშრიანი მიზნები აქვთ, რომელთაგან ერთი მეორეს ფარავს და ჭეშმარიტი მოტივების დადგენა რიგითი მოქალაქეებისთვის საკმაოდ რთულია.

კრემლის ერთ-ერთი ასეთი ფარული მიზანი შემდეგში მდგომარეობს: მსგავსი დემონსტრაციების პროვოცირებით პუტინი ივანიშვილსა და მის რეჟიმს ემუქრება: “თუ რუსეთის მიმართ ჭკვიანად არ იქნებით და ჩვენს დავალებებს პირნათლად და სრულად არ შეასრულებთ, ისევე გავარდებით თქვენი სავარძლებიდან, როგორც თავის დროზე სააკაშვილიო”.

კიდევ ერთი, კიდევ უფრო ღრმა ფარული მოტივი კი შესაძლოა, ირანული კრიზისი იყოს: თუ აშშ-ის ადმინისტრაციას რეალურად გააჩნია ქართული აეროპორტების ირანზე თავდასხმისთვის გამოყენების გეგმა, ცხადია, რუსეთი მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებაში დიდად დაინტერესებული არ არის, ამიტომაც ემუქრება ივანიშვილის ხელისუფლებას: “თუ ამას დაუშვებთ, სავარძლებსაც დაკარგავთ და სხვა ყველაფერს, - აგერ, ხომ ხედავთ, თავისუფლად შეგვიძლია, ეს ყველაფერი მოგიწყოთო”.

იმას, თუ როგორ მოახდინეს ამ ყველაფრის ორგანიზება, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – КГБ-ს საამისოდ უამრავი ხერხი, მეთოდი და ბერკეტი გააჩნია. თუკი გარკვეული მხარეების ან პერსონების ინტერესები მისას ემთხვევა, ეს, რა თქმა უნდა, საქმეს კიდევ უფრო აადვილებს. თუმცა თუ ასე არ არის, არც ეს წარმოადგენს პრობლემას და ცალკეულ პერსონებს ან ადამიანთა ჯგუფებს თავის ინტერესებში ისე იყენებენ, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ ამას, ან გვიან ხვდებიან.

ეს მხოლოდ ტექნიკის საქმეა,  КГБ-ს ამის მრავალწლიანი პრაქტიკა გააჩნია და არც ერთ შემთხვევაში არ მსურს იმაზე მინიშნება, თითქოს ქართველი ოპოზიციონერები რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან – არამც და არამც! ოპოზიციისთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, წყალი შეუდგეს ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საქართველოს ნორმალულრი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

ასეა თუ ისე, შექმნილი ვითარება, ბუნებრივია, ზიანის მომტანია საქართველოსთვის. დასაფიქრებელია, რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყანამ, რომელსაც ესოდენ აგრესიული მეზობელი ჰყავს რუსეთის სახით და თავად რუსეთს რა შეუძლია, კიდევ მოიმოქმედოს საქართველოს მიმართ.

ვფიქრობ, ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ მთავარი საქართველოს ეკონომიკური განვითარებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული იყო.

თუმცა ამაზე არა მხოლოდ მოსახლეობამ, არამედ, უპირველესად, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა იფიქროს: მისი ხელისუფლების პირდაპიირი მოვალეობაა. იმგვარად მოახდინოს თავისი პოლიტიკის ორგანიზება, რომ რუსეთს საქართველოში მსგავსი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას ხელს ვეღარ უშლიდეს.

მთლიანობაში, ეს ქართველების შიდა პრობლემებია, შიდა საქმე და გამოსავალიც მათ უნდა იპოვონ.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდში უდგას და ამ თვალსაზრისით ქვეყანას უდიდესი პერსპექტივები აქვს.

აარნე ვეედლა

ესტონელი პოლიტოლოგი