პეკინის ცივი შხაპი მოსკოვს

24-05-2023 20:56:39 მსოფლიო

რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში პომპეზური ვიზიტი "ცივ შხაპად" ექცათ პრემიერ მიშუსტინსა და მის თანმხლებ მინისტრებს, რომლებსაც ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და დასავლურ სანქციებთან ბრძოლაში პეკინის ახალი დახმარებისთვის უნდა მიეღწიათ.

გამოცემა "Ведомости"-ს ცნობით, ჩინეთის მთავრობის პირველმა პირებმა და მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა უარი განაცხადეს, შეჰხვედროდნენ რუს ჩინოსნებსა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს, რომელთა უმრავლესობა დასავლეთის სასანქციო სიების ფიგურანტია.

მოსკოვიდან შანხაიში შთამბეჭდავი დელეგაცია ჩავიდა: პრემიერი და ოთხი ვიცე-პრემიერი, რამდენიმე მინისტრი, "სბერბანკისა" და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელები, ასევე მილიარდერები მორდაშოვი და გურიევი. მაგრამ ჩინეთის მხრიდან ამას ანალოგიური პატივი არ მოჰყვა.

მიშუსტინის ვიზავიმ - ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ლი ციანმა რუსულ-ჩინურ ფორუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მისასალმებელი სიტყვისთვის ღონისძიებაზე მისი მოადგილე, ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი გაგზავნა.

"ჩინელებს თბილი დახვედრა აქვთ, მაგრამ ძალიან ეშინიათ სანქციების", - განმარტავს გამოცემის წყარო, რომელიც ფორუმის ორგანიზატორებთან დაახლოებული პირია. - "ის მსხვილი ბიზნესმენებიც კი, რომლებიც მზად იყვნენ საჯარო გამოსვლისთვის, ოფიციალურმა პირებმა შეხვედრაზე არ დაუშვეს, რადგან მინიმალურ რისკზეც კი არ სურთ წასვლა".

გამოცემის კიდევ ერთი თანამოსაუბრის ცნობით, ჩინელების მიერ სანქციების დაცვის კუთხით სიფრთხილემ იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ადგილობრივ გადამცვლელ პუნქტში $100-ის იუანზე გადაცვლაზე უარი განუცხადეს მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი სანქცირებული რუსი ბიზნესმენის მოგვარე იყო.

მიშუსტინის ვიზიტი, ერთი შეხედვით, პომპეზურად გამოიყურებოდა: შანხაის აეროპორტში წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის მოკითხვა გადასცა და გააკეთა განცხადება "ყველა საკვანძო საკითხში მოსკოვისა და პეკინის მიდგომების ერთიანობის" თაობაზე.

"მოსკოვისა და პეკინის ურთერთობები უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა: რუსეთისა და ჩინეთის სატრანსპორტო ანგარიშსწორების თითქმის 70% რუბლსა და იუანში წარმოებს, წლის შედეგებით კი ჩვენს შორის ტვირთბრუნვა $200 მილიარდს გადააჭარბებს" - განაცხადა მიშუსტინმა.

სიმ რუს პრემიერს გაცილებით უფრო თავშეკავებულად უპასუხა: "ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად განაგრძოს ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა ორი ქვეყნის საკვანძო ინტერესებში შემავალ საკითხებშიო"..

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა პრაქტიკულად გააორმაგა (დღე-ღამეში 2 მლნ ბარელამდე), 127%-ით გაზარდა ქვანახშირის იმპორტი, 200%-ით — ალუმინის. აი, ხორბლის კუთხით კი პრობლემა წარმოიშვა: მართალია, ჩინური იმპორტი ერთბაშად 60%-ით გაიზარდა, მაგრამ რუსული პროდუქციის წილი მასში მინიმალურია, კერძოდ - 0,5%, რაც 120-ჯერ ნაკლებია ავსტრალიის და 36-ჯერ კანადის წილზე.

"რუსული აგრარული სექტორი მზადაა, ჩინურ ბაზარზე თავისი პროდუქციის ექსპორტი და საქონლის სპექტრიც გააფართოვოს" - განაცხადა მიშუსტინმა, თუმცა სი ძინპინის საჯარო პასუხი ამას არ მოჰყოლია.

"ჩინეთთან მოლაპარაკება ძალზე რთულია", - სინანულით აღნიშნავს "Ведомости"-სთან საუბრისას რუსულ ბიზნეს-წრეებთან დაახლოებული წყარო. - "ჩინელები ტრადიციულ დელიკატურობას იჩენენ, მაგრამ აშკარაა, რომ ახლა უკვე მოლაპარაკებები აღარ წარმოებს peer-to-peer (თანასწორუფლებიანობის) ფორმატში და რუსეთს უწევს, მისთვის უჩვეულო - უმცროსი ძმის როლი მოირგოს".