"ტვ პირველი": პატრული არ მოდის გამოძახებაზე, ვაცნობეთ მყისიერი საფრთხის შესახებ!

10-05-2024 02:37:06 საზოგადოება

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე იტყობინება ტელევიზიის ეზოში საეჭვო ავტომობილით მოძრავი ადამიანების შესახებ, რომლებიც მისი ვარაუდით, პროვოკაციისთვის ემზადებიან.

მიუხედავად ტელევიზიიდან 112-ში მყისიერი საფრთხის შესახებ გაკეთებული არაერთი შეტყობინებისა, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პოლიცია გამოძახებაზე საათნახევარია, არ გამოცხადებულა.

მელაძე მორიგ ჯერზე დაუკავშირდა 112–ს პირდაპირ ეთერში, სადაც განუმარტეს, რომ მისი შეტყობინება გადაცემულია საპატრულო პოლიციისთვის, მათ შორის, მყისიერი საფრთხის შესახებ, თუმცა როდის მოხდება რეაგირება, მათთვის უცნობია.

ნოდარ მელაძე ყვება, რომ მან დაურეკა და მყისიერი საფრთხის შესახებ აცნობა შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქეთი კოვზიაშვილსაც, რომელმაც 112-ში დარეკვის რეკომენდაცია გასცა.

"პატრული არ მოდის გამოძახებაზე, როცა ჩვენ მათ ვაცნობეთ მყისიერი საფრთხის შესახებ. [...] ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ადამიანების დევნის, ცემის და ჩასაფრებების უკან დგას ხელისუფლება" - ამბობს ნოდარ მელაძე.

ის აზუსტებს, რომ ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოს ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც და ამ საფრთხის აღკვეთა მხოლოდ პოლიციას შეუძლია.

მისივე ინფორმაციით, ტელევიზიაში მივიდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები