ომბუდსმენი: ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება დროებითი მოთავსების იზოლატორში უჩა აბაშიძესთან შეხვედრის მიზნით

10-05-2024 01:29:28 საზოგადოება ,სამართალი

ომბუდსმენი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით.

ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით",– აღნიშნავს აპარატი.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად.

აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. ოჯახის ცნობით, მას არ მიეცა არც ახლობლებთან და არც ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მეტიც, ადგილზე მისული ადვოკატი ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეღწევას, თუმცა შეუშვეს მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდეგ. მას ბლოგერთან მოკლე კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ დაკავების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის დროს.

რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ ბლოგერს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვას ედავებიან, თუმცა თუ შსს–ს მიერ მოგვიანებით გავრცელებული განცხადებით ვიმსჯელებთ, პოლიციის ბლოგერთან შესვლის საფუძველი აღნიშნული არ იყო. მაგრამ კონკრეტულად რა საფუძვლებით ხელმძღვანელობდა შსს, ეს განცხადებიდან არ იკვეთება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები