მეთიუ მილერი: ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

09-05-2024 23:11:59 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების შევიწროების, მათზე თავდასხმების ფაქტები და ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.

და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს”, - განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ნათელი გახადა, როგორია მისი პოლიტიკა და გააგრძელებს ამის ნათლად თქმას, „მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განვახორციელოთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები