პრეზიდენტი: ოპონენტების ცემა, დაშინება ძალიან ჰგავს ავტორიტარულ რეჟიმს

09-05-2024 20:52:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია.

"ჩვენ ვხედავთ ძალადობას. ძალადობა ერის ერთიანი სურვილის წინააღმდეგ, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები... ამას არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან და ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმს, რომელიც ცდილობს, გაანადგუროს ყველა სხვა და დაადანაშაულოს ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში", - თქვა პრეზიდენტმა 9 მაისს, რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა, ერთი მხრივ ესაა ევროპული მომავალი, მეორე მხრივ – რუსული იმპერიალისტური წარსული:

"სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებებს, სად ხედავენ მათ მომავალს. ესაა მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ესაა ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ: თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე!".

დღეს, 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში თავს დაესხნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი მუმლაძეს. გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიო შენგელიას. მანამდე თავს დაესხნენ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. თავდასხმები ხორციელდება სიძულვილის კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან – უცხო ნომრებიდან ურეკავენ მოქალაქეებს, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ამასთან,

"ერის მტრები", "ფულზე გაყიდულები", "აგენტურა", "ბოლშევიკები" – მსგავსი შინაარსის პოსტერები და წარწერები დახვდათ, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ოფისების კედლებზე, სახლებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები