ელჩი: ევროკავშირი აუცილებლად გაფართოვდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული

09-05-2024 20:46:41 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება და მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა.

"დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა.

როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან.

ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს",– თქვა ელჩმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და მისი ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიასა და კულტურას სათუთად უფრთხილდება.

"გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს... ჩვენ გვჯერა თქვენი, საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის! ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები