მთავრობა არ ესწრება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

09-05-2024 19:59:24 პოლიტიკა

ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარებს მიწვევის მიუხედავად საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებიან. ღონისძიების მასპინძელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დღევანდელი ღონისძიების გახსნის წინ, მედიასთან საუბარში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მოხარულია ევროპის დღის აღნიშვნით საქართველოში, ვინაიდან წელს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.

ამასთან ელჩმა ისაუბრა "აგენტების კანონის" გამო არსებულ მღელვარებაზე.

ელჩის განცხადებით, უახლოეს დროში მოელიან კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას და მოელის რომ მოიძებნება საპარლამენტო პროცედურები იმისთვის რომ ის არსებული სახით არ მიიღონ.

"ამიტომ ამ ეტაპზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კანონს არ მიიღებენ და ჩვენ არ მოგვიწევს ევროკავშირის მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციების განხილვა”, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რათა კანონი არ იქნეს მიღებული და ევროკავშირის 27 წვერი ქვეყნის ლიდერს არ მოუწიოს შედეგებზე რეაგირების გზების ძიება.

ღონისძიების პარალელურად საქართველოს მთავრობის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია“:

„მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები