გოგოლაშვილი: ასეთი ფსიქოლოგიური ოპერაცია უფრო ფართო ჰიბრიდული ომის ნაწილია

09-05-2024 16:12:14 კომენტარი

ქვეყანაში ხორციელდება კლასილური ფსიქოლოგიური ოპერაცია. როგორც წესი, ასეთი ოპერაცია უფრო ფართო ჰიბრიდული ომის ნაწილია და მას მტრული ქვეყნები აწარმოებენ. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის გარედან იყოს დაგეგმილი, მაგრამ, ვხედავთ, რომ აქაური შემსრულებლები ყავს,– ასე აფასებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს – კოოორდინირებულ სიძულვილის კამპანიას, რომლის სამიზნეც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან.

გოგოლაშვილის დაკვირვებით, აშკარაა კოორდინირებული პროცესი:

„ბიძინა ივანიშვილს თავის გამოსვლაში არც დაუმალავს, რომ მან ეს დაიწყო სპეციალურად, რომ აწიოს პროტესტის ტალღა, გადაღალოს ეს პროტესტი და ასე შევიდეს არჩევნებზე, რომ იქ გამოიყენოს სხვა საშუალებებიც. შეგვიძლია, ტაში „დავუკრათ“, რომ სერიოზულად მუშაობენ. კარგი იქნება, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგალითად, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მუშაობდნენ ასე სერიოზულად, მაგრამ რეალობა ასეთია, რასაც ვხედავთ“.

მისი ხედვით, ოპერაცია, რომელიც დაიწყო აქტიურ მოქალაქეებთან დარეკვებით, თავდასხმებით, ასევე ნაწილია „არსებული შეტევისა, რომელიც ხორციელდება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ“:

„ჩანს, რომ ეს ყველაფერი კოორდინირებულია რუსეთთან, კრემლთან, არ გამოვრიცხავ, რომ არიან გარკვეული მრჩევლები. ასე რატომ ვფიქრობ? მე ვერ დავინახე საქართველოში ასე ჭკვიანურად ჩაფიქრებული და განხორციელებული ამგვარი საქმეები. ძალიან ხშირად ხვედავ ქაოსს, დაუგეგმავ მოქმედებებს, თუ საქმე არ ეხება პარლამენტში დაგეგმილ ნაბიჯებს (ძალიან ვიწროდ). მაგრამ ასე ფართოდ დაგეგმილი, კარგად გათვლილი ნაბიჯებით არ მუშაობს „ქართული ოცნება“, მაგრამ მუშაობს „ეფესბე“ და დიდი ხანია – საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობდა ეს სკოლა... ერთი და იგივე კანონს რომ იღებენ ბელარუსში, ყირგიზეთში, აფხაზეთში – სადაც რუსეთის გავლენაა. შემდეგ ერთი იგივე ნაბიჯები...“.

მას სჯერა, რომ ახალგაზრდა, თავისუფალი თაობა „ტირაჟირებული სიცრუით“ არ მოტყუვდება:

„ყირგიზეთში იყო პროტესტი, მაგრამ მალე ჩაახშეს. პრეზიდენტიც გამოტყდა, „დიდი ზეწოლაა რუსეთიდანო“. მაგრამ საქართველოში ხომ არ შეიძლება რუსეთის გავლენა იმხელა იყოს, როგორც ყირგიზეთში?! ამიტომ, ეს მეთოდები აქ ასე მარტივად ვერ იმუშავებს. ეს იშიფრება, ახალგაზრდები ამას ხედავენ, მათ არ აქვთ შეხება ასეთი ტიპის ლოზუნგებთან, მიდგომებთან, სიცრუესთან. ტირაჟირებული სიცრუით ახალგაზრდა თაობა არ მოტყუვდება!“.

მისი ხედვით, „ეს ოპერაცია“ გათვლილია, მოქალაქეებში ურთიერთუნდობლობის, შიშის, მეტი პოლარიზების, სიძულვილის გაღვივებაზე.

ის ელის, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება შემოდგომაზე, რომელშიც აისახება, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით წინ არ წაიწია და ევროკომისია არ გასცემს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას. „ხალხი გაბრაზდება, ხოლო ხელისუფლებას, მისი ხედვით, სურს, მოქალაქეების ბრაზი „ახლა დახარჯოს“.

„გაბრაზება საჭიროა, მაგრამ არა ახლა, არამედ ოქტომბერში – არჩევნებზე. როგორ დამარცხდა სააკაშვილი? გამოვიდა კადრები და ინფორმაციები, გაბრაზდა განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა. ამ ბრაზს არ გადაუვლია, ისე მივიდნენ არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ის არჩევნები წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ის თვლის, რომ მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს, თუმცა მშვიდად:

„არ მივესალმები, მაგალითად, პარლამენტის ჭიშკარზე შეტევას. ეს შესაძლოა, ბრაზის „გამოშვების“ გზა იყოს, მაგრამ არაფრის მომცემია და პოლიციას ეძლევა მიზეზი, ნებისმიერი არაპროპორციული ძალა გამოიყენოს. ვფიქრობ, შემდეგი აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდი, მაგრამ მრავალრიცხოვანი და უნდა გავრცელდეს მთელს საქართველოში – ასე შეიძლება შენარჩუნება იმ მუხტის, რისი ჩახშობაც სურს ხელისუფლებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები