პაპუაშვილი: შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოხვდებიან პირები, რომლებიც შანტაჟში, ძალადობაში არიან ჩართულები, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ

08-05-2024 11:42:56 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

რა თქვა პაპუაშვილმა

"2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა.

ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და „კანვასის“ ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას.

ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცველებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ. ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული. ამ მოცემულიბიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.

ამ მიზნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

რატომ ქმნის "ოცნება" ბაზას

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ იმ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა“:

"ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ სელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ, როდესაც საზოგადოება ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს. მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები