ოპოზიცია სუს-ის უფროსსა და პრემიერს მიმართავს, "ჩაშალონ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიონ "რუსული კანონი"

08-05-2024 11:29:02 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნავენ, რომ "სუს–ი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად".

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სუს-ის უფროსსა და პრემიერს მიმართავს, "ჩაშალონ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიონ "რუსული კანონი".

"ეროვნული მოძრაობის" ლიდერები 1989 წელს, 9 აპრილამდე, იმავეს იძახდნენ, რომ "ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ". არ გეცნობათ? იგივე არ არის განცხადება? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალია, უფრო ძლიერია და ვერაფერს გაბედავს ვერც სუს-ი და ვერაფერი. სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს? ახლა ის დროა, რომ სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მე მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს - ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ "რუსული კანონი!" სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის "ბიძინას უსაფრთხოების სამსახური". შესაბამისად, ბიძინა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია".

"სუს-ის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც ფაქტობრივად, არის "ქართული ოცნების" ფილიალი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას აშინებენ. სუს-ის არა ერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არასდროს დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის რუსეთი. სუს-ის განცხადებაში "ფერადი რევოლუციები", როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს "ფერად რევოლუციებთან" დაკავშირებით, ისევე როგორც, მთელი ეს დრამატურგია, რომელიც აქ არის მოყვანილი, ისევ და ისევ აძლევს ხელს "ქართულ ოცნებას", განავითარონ ის დრამატული სცენარი, რომელიც მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საფრთხის შემქმნელია," - განაცხადა აქუბარდიამ.

რა თქვა სუს–მა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით".

მისი ცნობით, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა", – აცხადებენ სუს–ში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები