„ხალხის ცემა–ტყეპა დაიწყეს“ – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს თავს დაესხნენ, არიან დაშავებულები

03-05-2024 01:56:03 საზოგადოება ,სამართალი

თბილისში, გმირთა მოედანთან, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მინიმუმ, ორი დემონსტრანტი.

დემონსტრანტებმა კადრების გადაღება შეძლეს, შესაბამისად, თავდამსხმელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია.

კადრებში ჩანს, რომ შავ სამოსში შემოსილი ადამიანები ესხმიან თავს მოქალაქეებს.

„მოვდიოდით სიმღერ–სიმღერით...დაეჯახნენ ადამიანს... გადმოცვივდნენ, დაეტაკნენ ვიღაცას და დაიწყეს ხალხის ცემა–ტყეპა. გაშველებას ვაპირებდი და დამაგდეს...მეუღლე...ბავშვებთან ერთად...წივილი...კივილი.... მიწაზე მათრიეს, მაგრამ არაუშავს“,– ყვება ერთ–ერთი დაზარალებული, რომელიც აქციაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტის თვითმხილველები გახდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები.

აქტივისტები მიუთითებენ სამ ავტომობილზე.

„სუსის ხალხი იყო... ძიუდოისტები... გააჩერეს მანქანა, ველოსიპედიან კაცს სპეციალურად დააჯახეს... მას დავეხმარეთ,...მერე გადმოცვივდნენ და დაესხნენ ხალხს თავს. სამი მანქანა იყო“,– ყვება კიდევ ერთი დემონსტრანტი.

მოქალაქეებს დაზიანებები აქვთ მიღებული. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ.

„ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია... კინაღამ მოკლეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

დემონსტრანტები პროვოკაციების მოლოდინში არიან, ვინაიდან, ხელისუფლება "საინფორმაციო ომს აგებს" და ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია, აქციის მონაწილეები რჩებიან გმირთა მოედანზე, თუმცა საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები