USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი: "საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას ქვეყანა"

25-04-2024 12:06:38 პოლიტიკა

USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის თქმით, "როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა განაცხადა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება. შესაძლოა, ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო. შესაბამისად, ამას ექნება გავლენა, როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალშიც“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პენელმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები