ბჟანია იმ კომპანიების სანქცირებას ელის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში იფრენენ

25-04-2024 11:49:03 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დააწესებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ფრენებს დაიწყებენ სოხუმის აეროპორტში.

როგორც მან, "ეხო კავკაზას" ცნობით, აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავს.

„არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის, საჰაერო მიმოსვლას. შეიმუშავებს გარკვეულ საერთო წესებს და ა.შ. ეს ორგანიზაცია ამ პროექტს ბლოკავს. ეს პროექტი იბლოკება საქართველოს ინიციატივით და ამ პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. ამის მიუხედავად, აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება ჩვენი მოკავშირე (რუსეთი - რედ.). ამან შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იფრენენ. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, - თქვა ბჟანიამ.

ის დარწმუნებულია, რომ პროექტი ოკუპირებული რეგიონის "ეკონომიკურ იერსახეს შეცვლის":

„აფხაზეთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. ამის არ უდნა გვეშინოდეს. ეს არის ჩვენი უპირატესობა, ჩვენი პლუსია. აფხაზი ხალხია აფხაზეთის ბატონ-პატრონი. აფხაზი ხალხი განსაზღვრავს, რა წესებით იქნება აქ ხალხი, თუნდაც დროებით. მთავარია, ეს ხალხი იყოს“.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის – რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები