ლიეტუვის საელჩო – "აგენტების" შესახებ კანონზე: ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს

25-04-2024 11:47:08 პოლიტიკა

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან".

დიპლომატიურმა უწყებამ განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ.

ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი.

სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში.

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.

ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.

ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართვეალო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები