აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ATACMS-ების უკრაინისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს

25-04-2024 10:20:34 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ATACMS-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს. დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, მის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ATACMS-ები გაუგზავნა.

"მე შემიძლია, დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა ATACMS-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები. თებერვალში მან საიდუმლოდ უბრძანა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, გაეგზავნა ATACMS–ები უკრაინაში ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ეს მოხდა სამხედრო დახმარების იმ პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს და ეს რაკეტები უკრაინაში ამ თვეში ჩავიდა. ჩვენ ეს თავიდანვე არ გამოვაცხადეთ, რათა შეგვენარჩუნებინა უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოება მათი თხოვნით და უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, ისაუბროს მათ გამოყენებაზე", – განაცხადა პატელმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ების საიდუმლოდ გადაცემის თაობაზე. Reuters-სთან საუბრისას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შორი რადიუსის რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას მარტში მიაწოდეს. მისივე თქმით, ეს რაკეტა გამოიყენა უკრაინამ 17 აპრილს ყირიმში, რუსულ აეროდრომზე დარტყმისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები