მედია: უკრაინის სპეცსამსახურმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში დრონებით ორ ნავთობსაცავს დაარტყა

24-04-2024 16:25:52 მსოფლიო

24 აპრილს რუსეთის სმოლენსკის ოლქში ნავთობის ობიექტებზე დარტყმები უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია იყო, – იუწყება უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

საუბარია იარცევოსა და რაზდოროს დასახლებებში "როსნეფტის" საწვავის და საპოხი მასალების შენახვისა და ამოტუმბვის ორ ბაზაზე. წყაროს ცნობით, დარტყმები უკრაინულმა სპეცსამსახურმა დრონებით განახორციელეს.

„ამ ბაზებზე ინახებოდა 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი. ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების შემდეგ დაიწყო მასშტაბური ხანძარი და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა“, - ყველა წყარო.

მისი თქმით, სპეცსამსახური ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს ლოგისტიკურ ობიექტებს, საიდანაც რუსეთის არმია საწვავით მარაგდება.

მანამდე, რუსეთის სმოლენსკის ოლქის ხელისუფლებამ რეგიონში დრონის თავდასხმის შემდეგ საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებში ხანძრის შესახებ გამოაცხადა.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა. კიევმა ზოგიერთ მათგანში მონაწილეობა დაადასტურა. დარტყმები, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედროებისთვის საწვავის მიწოდების შემცირების მცდელობის ნაწილია და ასევე შეიძლება შეამციროს საექსპორტო შემოსავალი, რომელსაც მოსკოვი იყენებს ომის დასაფინანსებლად.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შედეგად, მარტის ბოლოსთვის ბენზინის წარმოება წლიურად 14%-ით შემცირდა, დიზელის საწვავი კი შვიდი პროცენტით.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, 23 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა დაკარგა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის მინიმუმ 10% დრონებით თავდასხმების გამო. ლონდონი მიიჩნევს, რომ ეს დარტყმები ფინანსურ ზარალს იწვევს რუსეთისთვის, რაც გავლენას ახდენს მის შიდა ბაზარზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები