ბერდია სიჭინავა: „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში

24-04-2024 14:33:45 პოლიტიკა

"ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს", - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ:

"მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პარალელურად, რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები